"საპრეზიდენტო არჩევნებამდე პროვოკაციები ყველა მიმართულებით შესაძლებელია"

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის აზრით, "27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პროვოკაციები ყველა მიმართულებით შესაძლებელია".

ამის შესახებ შათირიშვილმა "პირWელს" ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

ზაზა შათირიშვილის აზრით, თავდაპირველად გამოძიება უნდა დაინტერესდეს კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, რომლის თანახმად, "სარფის საბაჟოზე მინარეთის ლითონის კონსტრუქციის განბაჟების დროს საბაჟოში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა დარეკა, რომელმაც საზღვარზე კონსტრუქციის დაუბრკოლებლად გატარება მოითხოვა".

"გამოძიების შემდეგ, შეიძლება, უკვე კონკრეტულად საუბარი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ფაქტებია, რომლის შესწავლაც საჭიროა", - აღნიშნა შათირიშვილმა.

ფილოსოფოსის თქმით, ის, რომ ნებისმიერი რელიგიური ობიექტის ნებისმიერი სახით დემონტაჟი გარკვეული ჯგუფში პროტესტს იწვევს, ამაში გასაკვირი არაფერია.

"მთავარია სახელმწიფოს პოზიცია", - დასძინა შათირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, მინარეთს ჭელაში დღეს დააბრუნებენ.