ლაფანყურის მოვლენებს სპეციალური საზოგადოებრივი კომისია გამოიძიებს

ლაფანყურის მოვლენებს სპეციალური საზოგადოებრივი კომისია გამოიძიებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. 

საკუთარი ინიციატივა ნანუაშვილმა დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახს გააცნო, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მოინახულა.
ამასთან, ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული კომისია თავის თავზე აიღებს იმას, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია შეაგროვოს.

"სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება ფაქტობრივად არ ჩატარებულა, რის გამოც დღემდე უცნობია, რა მოხდა სინადვილეში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გამოძიება გაჭიანურებულია. კითხვები, რომლებიც ერთი წლის წინ დაისვა, კვლავ ძალაშია. მეტიც, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, გამოძიება ბოლომდე არ მისულა და სიმართლე დაუდგენელია. მიგვაჩნია, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვიწყებთ სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მზადებას. დღეს ამასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაშიც ვაპირებ ჩასვლას, სადაც უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შევხვდები", - განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს არჩილ ჩოხელის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ერთ წელი შესრულდა. სპეცოპერაციის დროს, შსს-ს მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 11 შეიარაღებული პირი, რომელთაგან შვიდი დუისის სასფლაოზეა დაკრძალული. რამდენიმე თვის წინ მათ ცხედრებს განმეორებით ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ სპეცრაზმის ორი თანამშრომელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.