მთავრობა კერძო სადაზღვევო კომპანიების პრობლემების მოგვარების გეგმაზე მუშაობას იწყებს

მთავრობა კერძო სადაზღვევო კომპანიების პრობლემების მოგვარების გეგმაზე მუშაობას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა დასრულდა.

შეხვედრას სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სხდომაზე განიხილეს ორი ძირითადი საკითხი: სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ურთიერთთანამშრომლობისას წარმოქმნილი პრობლემები და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ სურვილი, მათი წერილობითი შეტყობინება, „165 ბრძანებით“ განსაზღვრული პროექტიდან გასვლის შესახებ.

დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის განიხილოს შექმნილი პრობლემები, რაც კერძო სადაზღვევო კომპანიებში არსებობს. შეიმუშავებენ დეტალურ გეგმას, თუ როგორ მოხდება განვითარება და პრობლემების დაძლევა. „ჩამოყალიბდებიან კონკრეტულ გრაფიკზე, თუ რომელიმე სადაზღვევო კომპანია უარს იტყვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროექტში მონაწილეობაზე, მაშინ სახელმწიფო იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე და დაზღვეულზე,“ – აღნიშნა მინისტრმა.

სერგეენკოს განცხადებითვე, კერძო სადაზღვევო კომპანიებმა სახელფასო დავალიანებები უპირობოდ და უმოკლეს ვადებში უნდა დაფარონ. ამასთან 1 სექტემბრიდან არ ამოქმედდება საჯარიმო სანქციები, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, კომპანიებს უნდა დაკისროდათ.

სადაზღვევო კომპანიებმა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების ვადებზე წინადადებები უწყებათაშორის კომისიას კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინონ.