ადგილობრივი: 'დამთავრდა კარგი ცხოვრება და მეზობლობა'

ადგილობრივი: 'დამთავრდა კარგი ცხოვრება და მეზობლობა'

სოფელ ჭელაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი მართლმადიდებელია, ადგილობრივებს შორის დაძაბული ურთიერთობა არასდროს ყოფილა. აქ მცხოვრები მართლმადიდებლები აცხადებს, რომ მომხდარი მათ უერთიერთობებში ვერაფერს შეცვლის.

„ ამდენი წელია ერთად ვცხოვრობთ და ჩვენ შორის ზედმეტი სიტყვა არ თქმულა, პატარა შელაპარაკებაც კი არ მოგვსვლია. არ მგონია, რომ ჩვენ ურთიერთობა დაგვეძბოს. პირადად ჩემი ოჯახისთვის ყველა ერთია“, - ამბობს მართლმადიდებელი ირა ჩიხრაძე.

რაც შეეხება მინარეთის დემონტაჟს, ჩიხრაძე ამბობს: „რატომ უნდა მოეხსნათ ვერ ვხვდები“.

იგივეს აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამავე სოფელში მცხოვრები ზურაბ ნატრიაშვილი: „ვერ ვხვდები ამით ჩვენ შორის რა უნდა შეიცვალოს?! ყოველთვის კარგი მეზობლური დამოკიდებულება გვქონდა და არც ახლა შეიცვლება რამე“.

მუსლიმი მალხაზ აბაშიძე კი აცხადებს, რომ „ აწი კარგი ცხოვრება და მეზობლობა დასრულდა. აქამდე ვეხმარებოდით მართლმადიდებლებს, ვმეზობლობდით, ახლა კი ასე აღარ იქნება, თუმცა, ასეთი განწყობა მხოლოდ იმ ადამიანებთან მექნება ვინც სოფელში მინარეთის დადგმის დღიდან მის აღებას ცდილობდნენ. ვიცით ვინ ვინაა და ვინ რას ამბობდა“.

მუსლიმები ფიქრობენ, რომ მათსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობის დაძაბვას გარე ძალები ცდილობენ და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა საწადელს მიაღწიონ კიდეც.