რატომ შეხვდა პრემიერი ცოტნე გამსახურდიას, ია ანთაძესა და ვასილ მაღლაფერიძეს?

რატომ შეხვდა პრემიერი ცოტნე გამსახურდიას, ია ანთაძესა და ვასილ მაღლაფერიძეს?

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ია ანთაძეს, ვასილ მაღლაფერიძეს, ცოტნე გამსახურდიასა და გოგი ლოლაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მისი განმარტებით პრემიერთან მათი საუბარი შედეგიანი იყო.
"ბატონი ბიძინა მხარს უჭერს, რომ საქართველოში არსებობდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით დაფინანსებული და მათ მიერვე მართული ტელევიზია.

მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, პრინციპულია, რომ ტელევიზია იყოს თვითდაფინანსებული, არადოტაციური და აქციონერების მიერ ზედმიწევნით გაკონტროლებული.

ამასთანავე, მას აქვს კითხვები, რამდენად შესაძლებელია თვითდაფინანსებული ტელევიზიის არსებობა და ხომ არ გაექცევათ ტელევიზიის მართვა აქციონერებს ხელიდან. მას გავაცანით ჩვენი მოსაზრება, რომ სწორედ სააქციო საზოგადოებაში ვხედავთ კორპორაციული მართვის სიცოცხლისუნარიან მექანიზმებს.

დღეისათვის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ასეთია: მას რჩება კითხვები, მაგრამ, ამავე დროს, პატივს სცემს საზოგადოების ენთუზიაზმს და არ გამორიცხავს, რომ გულწრფელმა, მოტივირებულმა ადამიანებმა მართლაც შეძლონ ამ პროექტის განხორციელება. ბატონი ბიძინა მზად არის, ყველანაირად ხელი შეუწყოს ზემოხსენებულ პრინციპებზე დაფუძნებული ტელევიზიის შექმნას და თავადაც გახდეს ერთ-ერთი რიგითი აქციონერი.

საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას პროექტის დეტალების მოსამზადებლად. თქვენი ნებართვით, დრო რომ აღარ დავკარგოთ და საქმიან რეჟიმში გადავიდეთ, ვთხოვეთ ბატონ გოგი ლოლაძეს, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, რომ ჩამოგვიყალიბოს სააქციო საზოგადოების შექმნის პრინციპები და შემოგვთავაზოს შემდგომი ნაბიჯები, ანუ ერთგვარი საგზაო რუკა. მან ითხოვა რამდენიმე დღე სამუშაოდ.

ასე რომ, ყველას გილოცავთ. მაგრამ, ეიფორიაზე დროს ნუ დავხარჯავთ. გადავდივართ სამუშაო რეჟიმზე", - წერს მაღლაფერიძე.