უახლოეს მომავალში, მცირე მეწარმეებს საშუალება ექნებათ, დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმაზე გადავიდნენ. ფიქსირებული გადასახადს მცირე ბიზნესი დიდი ხანია ითხოვდა. მოახლოებულმა არჩევნებმა და ივანიშვილის გააქტიურებამ მთავრობა იძულებული გახადა ეს ნაბიჯი გადაედგა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ყველა კანონპროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს, რათა მცირე მეწარმეებისთვის შეღავათის დაწესება დაკანონდეს.
გია ხუროშვილის თქმით, ფიქსირებული გადასახადი დაწესდება იმ მეწარმეებისთვის, რომლების მომსახურებაზე არიან ორიენტირებული. მაგალითად, პურის საცხობებს აღარ დასჭირდებათ ბუღალტრის მომსახურება და ეცოდინებათ კონკრეტულად რა მოცულობის გადასახადი ექნებათ. ფიქსირებული გადასახადი ექნებათ ვაჭრობაზე ორიენტირებულ მცირე მაღაზიებსაც.
ხუროშვილის თქმით, მეწარმეს არჩევანის უფლებაც ექნება: იგი თავად გადაწყვეტს ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს თუ დარჩეს ჩვეულებრივ რეჟიმზე და აწარმოოს ადმინისტრირება.
ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება. პირველი მოდელით ის მცირე მეწარმეები ისარგებლებენ, რომლებიც ეწევიან არა იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების მომსახურეობას. მათ არ სჭირდებათ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა. გადასახადის ასეთი ფორმის არჩევის შემთხვევაში ამ კატეგორიის მეწარმეებს მოეხსენებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს. ისინი დაიბეგრებიან კონკრეტული განაკვეთით თვეში ან კვარტალში. რაც შეეხება განაკვეთებს, ამას შემდგომ მთავრობა განსაზღვრავს საქმიანობის ტიპისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამ მოდელით სარგებლობას შეძლებენ ისეთი საწარმოები, მაგალითად, როგორებიცაა საპარიკმახერო, ავტომობილების მცირე სახელოსნო, მცირე პურის საცხობი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული გადასახადის მეორე მოდელი მორგებულია იმ მეწარმეებზე, რომლებიც ეწევიან ვაჭრობას და მათი მომხმარებლები არიან, ასევე ფიზიკური პირები. ამ ტიპის მეწარმეებსაც არ აქვთ შეხება იურიდიულ პირებთან და, შესაბამისად, არ საჭიროებენ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელ და სხვა საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერას.
ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის იქნება ფიქსირებული გადასახადი ბრუნვის 3%-ის ოდენობით. პირველი მოდელით მოსარგებლე ბიზნესისგან განსხვავებით, მათ ექნებათ სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რადგან 3%-იანი გადასახადის დაანგარიშება მოხდება სალარო აპარატით დაფიქსირებული შემოსავლიდან.
“ფიქსირებული გადასახადის არჩევის შემთხვევაში, ვაჭრობით დაკავებულ მცირე მეწარმეებსაც აღარ მოუწევთ საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შესაბამისად, გათავისუფლდებიან ბუღალტრის დაქირავების ხარჯებისგან.
კიდევ ერთი შეღავათი, რომლითაც ორივე კატეგორიის მეწარმეები ისარგებლებენ ისაა, რომ გაუქმდება 100 000-ლარიანი ზღვარი დღგ-ს გადამხდელად აღრიცხვისთვის. მეწარმეს შეეძლება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისმა შემოსავალმა წელიწადში გადააჭარბა 100 000-იან ზღვარს, გააგრძელოს ფიქსირებული გადასახადის გადახდა და არ გახდეს დღგ-ს გადამხდელი”, - განაცხადა ებანოიძემ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი ფიქსირებული გადასახადის შემოღების მიზეზებზე ღიად საუბრობს და განმარტავს, რომ დღეისათვის არსებული რეგულაციით, ბიზნესს ურჩევნია მიკრობიზნესის სტატუსით ისარგებლოს და შემდგომ განვითარებაზე აღარ იზრუნოს, რაც საბოლოო ჯამში ყველა მხარისათვის წამგებიანი ხდება.
“ბიზნესები, რომლებიც გარკვეული რეგულაციის შემოღებამდე არ გადიოდნენ მიკრობიზნესის რეგულაციაში, რეგულაციის შემოღების შემდეგ მათი ხელოვნურად დახლეჩვა მოხდა. მაგალითად, სილამაზის სალონები იყვნენ იურიდიული პირები, შპს-ები ან სხვა, თუმცა მიკრობიზნესის სტატუსის შემოღების შემდეგ, ბიზნესების დაყოფა მოხდა; ანუ სალონს მმართველი იგივე ჰყავს და ის ნაღდი ანგარიშსწორებით იგივე შემოსავალს იღებს, თუმცა მათ თითოეული ხელოსანი მიკრომეწარმეებად დაარეგისტრირეს და არ იხდიან გადასახადებს. ე.წ. ბიზნესის მმართველი შემოსავალს ისევ ძველებურად იღებს და გადასახადებს აღარ იხდის.
მეორეს მხრივ ასეთი დახლეჩილობით ჩვენც ვკარგავთ შემოსავლებს და მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეს ექმნება იმის საფუძველი, რომ მცირედ ან მიკროდ დარჩეს. მათ ინტერესი აღარ აქვთ, რომ გამსხვილდნენ და გაფართოვდნენ. ვერ ნახავთ ისეც მცირე მეწარმეს, რომელიც ზრუნავს გაფართოებაზე, ექსტერიერისა და ინტერიერის გალამაზებაზე, საკუთარი ბრენდის შექმნაზე და ა.შ.”, - აცხადებს ებანოიძემ.
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა ალტერნატიული, ფიქსირებული გადასახადების ცნება შემოიღო, რათა ბიზნესს განვითარების საშუალება მიეცეს, საკუთარ თავში აღარ ჩაიკეტოს და სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე იფიქროს.
შემოსავლების სამსახურის ახალ ინიციატივას ექსპერტები კრიტიკულად აფასებენ. “ასეთი გადასახადის ამოქმედება არის სისულელე. გამოდის, რომ მალე ადამიანი კომპანიისთვის ზედნადების გამოწერით 5 ბოთლ მინერალურ წყალსაც კი ვეღარ იყიდის. თბილისში და არა მარტო თბილისში ვეღარ იპოვით ისეთ მაღაზიას, რომელიც იურიდიულ პირს მოემსახურება, არავის მოუნდება იყოს დღგ-ს გადამხდელი და ყველა უარს იტყვის კომპანიის მომსახურებაზე.
რაც შეეხება სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თონეების, სილამაზის სალონების, პროფილაქტიკების გათავისუფლებას, ესეც არ მესმის რატომ ხდება. თუმცა მიზეზი გასაგებია, არჩევნები მოდის და ამით ისინი მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების გულის მოგებას აპირებენ, რაც შემდგომ მათ მიერ ხმის მიცემით დასრულდება”, - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი შავიშვილმა.
1050
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85