რადიო

რადიო "ჰერეთის" მფლობელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

რადიო "ჰერეთის" 100%-იანი წილის მფლობელი რამაზ სამხარაძე თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებული პროცესების "დაუყოვნებლივ" გამოძიებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით, სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს.

"რადიო "ჰერეთი" 15 წელია მედია ბაზარზეა, უკვე 7 წელი კი ცდილობს ლიცენზიის მიღებას თბილისში მაუწყებლობისთვის, თუმცა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მედია ბიზნესში მაუწყებლობის ლიცენზია მიმდინარე წელს დაფუძნებულ და მედიაბიზნესში გამოუცდელ კომპანიას შპს "ენერჯი გრუპს" გადასცა", წერია მიმართვაში, სადაც ხაზგასმულია, რომ "ენერჯი გრუპის" მფლობელები არიან: კახა ბაინდურაშვილი - ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ლაშა ჩხენკელი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. კონკურსში გამარჯვებული კომპანია რადიო "ზენიტის" შექმნას გეგმავს და თბილისში FM 93.5 სიხშირეზე იმაუწყებლებს. 26 აგვისტოს გამართულ სხდომას კომისიის მხოლოდ სამი წევრი ესწრებოდა, რომელთაგან ორმა ხმა "ენერჯი გრუპს" მისცა. რადიოსადგური ბიზნესსიახლეების გაშუქებას აპირებს. კონკურსში "ენერჯი გრუპის" გარდა მონაწილეობას იღებდნენ შპს "არტპალასი", შპს "სტერეო+", შპს "არტ რადიო" და შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი". "ჰერეთს" მიმართვაში მოყავს კომისიის, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის თანახმად, თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად "ჰერეთის" მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი. თუმცა, კომისიამ უპირატესობა ლიცენზიის სხვა მაძიებელს მისცა. "სწორედ ამიტომაც, რადიო "ჰერეთი" განაგრძობს სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად. რადიო "ჰერეთი" კომუნიკაციების კომისიის აღნიშულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სასამართლო გზით," – აღნიშნულია მიმართვაში.