ივანიშვილი მომხრეა, საქართველოში მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით დაფინანსებული ტელევიზია არსებობდეს

ივანიშვილი მომხრეა, საქართველოში მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით დაფინანსებული ტელევიზია არსებობდეს

სააქციო საზოგადოების წარმომადგენლები ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ცოტნე გამსახურდია და გოგი ლოლაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. 

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს, რომ საქართველოში არსებობდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით დაფინანსებული და მათ მიერვე მართული ტელევიზია.

"მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, პრინციპულია, რომ ტელევიზია იყოს თვითდაფინანსებული, არადოტაციური და აქციონერების მიერ ზედმიწევნით გაკონტროლებული. ამასთანავე, მას აქვს კითხვები, რამდენად შესაძლებელია თვითდაფინანსებული ტელევიზიის არსებობა და ხომ არ გაექცევათ ტელევიზიის მართვა აქციონერებს ხელიდან. მას გავაცანით ჩვენი მოსაზრება, რომ სწორედ სააქციო საზოგადოებაში ვხედავთ კორპორაციული მართვის სიცოცხლისუნარიან მექანიზმებს," – აღნიშნავს მაღლაფერიძე.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ასეთია: მას რჩება კითხვები, მაგრამ, ამავე დროს, პატივს სცემს საზოგადოების ენთუზიაზმს და არ გამორიცხავს, რომ გულწრფელმა, მოტივირებულმა ადამიანებმა მართლაც შეძლონ ამ პროექტის განხორციელება. ბიძინა ივანიშვილის მზად არის, ყველანაირად ხელი შეუწყოს ზემოხსენებულ პრინციპებზე დაფუძნებული ტელევიზიის შექმნას და თავადაც გახდეს ერთ-ერთი რიგითი აქციონერი.

"საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას პროექტის დეტალების მოსამზადებლად. თქვენი ნებართვით, დრო რომ აღარ დავკარგოთ და საქმიან რეჟიმში გადავიდეთ, ვთხოვეთ ბატონ გოგი ლოლაძეს, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, რომ ჩამოგვიყალიბოს სააქციო საზოგადოების შექმნის პრინციპები და შემოგვთავაზოს შემდგომი ნაბიჯები, ანუ ერთგვარი საგზაო რუკა. მან ითხოვა რამდენიმე დღე სამუშაოდ," – აცხადებს მაღლაფერიძე.