პაატა ზაქარეიშვილი:   საჭირო არ არის, მინარეთის დემონტაჟის საკითხს რელიგიური შეფერილობა მიეცეს

პაატა ზაქარეიშვილი: საჭირო არ არის, მინარეთის დემონტაჟის საკითხს რელიგიური შეფერილობა მიეცეს

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსმა" კომენტარი სთხოვა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს. 

მინისტრის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მინარეთი მშენებლობის პროცესში იყო.

"როგორც ჩანს, მინარეთისთვის საჭირო კონსტრუქცია კანონდარღვევით იყო შემოტანილი. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა განმარტებაც გააკეთა და განაცხადა, რომ დემონტაჟსა და შემდგომ მინარეთის აღდგენის უზრუნველყოფას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან კონსტრუქციების შემოტანისას თურქულ დოკუმენტებში ყველაფერი ნორმების შესაბამისად იყო გაფორმებული, ხოლო საქართველოში შემოტანის შემდეგ დოკუმენტები არასწორად გაფორმდა", – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან, როგორც ამას კანონი მოითხოვს და როგორც უნდა აშენდეს ნებისმიერ შენობა საქართველოში.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მინარეთი ძალიან სწრაფად, სავარაუდოდ, 1 ღამეში მიაშენეს მეჩეთს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა 2 თვიანი ვადა მისცეს მშენებლებს დემონტაჟის განსახორციელებლად. ამდენად, არ არის საჭირო ამ საკითხისთვის რელიგიური შეფერილობის მიცემა", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სოფელში მუსულმანებს არასოდეს ჰქონიათ ლოცვის პრობლემა და ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურ საკითხზე - მინარეთის მიშენება-არმიშენებაზეა საუბარი.

"ნებისმიერ ადგილზე - თბილისსა თუ რეგიონებში, გვინახავს როგორ ხდება უკანონო შენობის დემონტაჟი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება ხოლმე, ამიტომ, უმჯობესი იყო, ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად ყოფილიყო გავლილი და ეს ყოველგვარ გაუგებრობას აგვაცილებდა თავიდან. ჩნდება აზრი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხელოვნურად იქმნება გაუგებრობები ისლამსა და სახელმწიფოს შორის. ასეთი არაერთი ფაქტი გვაქვს. ოპოზიცია ბოროტად და პოლიტიკურ იარაღად იყენებს ისლამის თემას. ამიტომ მსურს ვთხოვო ყველას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე თავი შევიკავოთ ყველა იმგვარი ქმედებისგან, რომელიც მცდარი ინტერპრეტირებისა და ხელოვნური დაძაბულობის შექმნის შესაძლებლობას გააჩენს," – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით სამართალდამცველი ორგანოები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.

"მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე მოვლენები პირად კონტროლზე მყავს აყვანილი და ჩვენი აპარატის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან," – აღნიშნა მინისტრმა.