ჭელაში მინარეთის დემონტაჟი ბათუმის მეჩეთთან გააპროტესტეს

ჭელაში მინარეთის დემონტაჟი ბათუმის მეჩეთთან გააპროტესტეს

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი გუშინ გვიან ღამით ბათუმის მეჩეთთან გააპროტესტეს. საღამოს ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მეჩეთთან შეიკრიბნენ და განაცხადეს რომ მუსლიმთა სამლოცველოს ნგრევა მიუღებელია.

როგორც აქციაზე მყოფმა ნოდარ დავითაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიკვლიოს ბოლო პერიოდის განმავლობაში მუსლიმების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებები.

"ქართველი მუსლიმები შეძრწუნებული ვართ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გამო. ეს მოხდა ძალიან უხეში მეთოდით, არიან დაკავებულები და გალახულები. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ლოცვის და სამლოცველოს აშენების უფლებაც გვაქვს. ეს უკვე მერამდენედ მეორდება შეურაცხყოფები მუსლიმების მიმართ", - აღნიშნა ნოდარ დავითაძემ.

გვიან ღამით, მეჩეთის ადმინისტრაციაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და მუსლიმთა სამმართველოს წევრები შეიკრიბნენ.

როგორც მუფთმა აღნიშნა, ძალიან შეურაცხყოფილია ჭელაში მომხდარი ინცინდენტის გამო. მუსლიმთა სამმართველო დღეს ადიგენში გაემგზავრება. გუშინ მომხდარი ინცინდენტის დროს დაკავებული 11 პირი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, 10 ადამიანი კი გაათავისუფლეს.