სადაზღვევო სფეროში ყველაფერი აირია. ერთ დღეს რომ მზღვეველებს კონტროლს უძლიერებენ, მეორე დღეს, პირიქით, საერთოდ უუქმებენ. ამჯერად გაუქმების ჟამია. დაზღვევის მედიაციის სამსახური 3 კვირაში დაიშლება და ეს კერძო სადაზღვევო კომპანიებს, ალბათ, ძალიანაც ესიამოვნათ. თუმცა, ბაზარზე არსებული ვითარებისთვის ეს, შესაძლოა, ცუდი აღმოჩნდეს. საუბარია იმაზე, რომ ბენეფიციარებისთვის სერვისი გაუარესედება, არადა ისინი ისედაც უჩიოდნენ დაბალი ხარისხის მომსახურებას.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური 2012 წლიდან საქმიანობას შეწყვეტს. ეს უწყება არ გაუქმდება, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შეუერთდება.
დაზღვევის მედიაციის სამსახურში გაერთიანების მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ცვლილების საფუძველზე ამ ეტაპზე კადრების შემცირება არ იგეგმება. სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ 2012 წლის იანვრისთვის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულებაში ახალი ცვლილებები შევა, რომლითაც მისი ფუნქციები გაფართოვდება. შედეგად კი, ახალ უწყებას სადაზღვევო კომპანიებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების უფლება მიენიჭება.
დაზღვევის მედიაციის სამსახური საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ბაზაზე 2008 წლიდან მოქმედებს. ცოტა ხნის წინათ მთავრობამ სამსახურის გაძლიერება გადაწყვიტა და 2012 წლიდან მას სადაზღვევო კომპანიების დაჯარიმების უფლება მიანიჭა. მოულოდნელად კი ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა.
ექსრპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, თუკი ხელისუფლება მედიაციის სამსახურის აუცილებლობას ვეღარ ხედავდა, უმჯობესი იყო მისი ფუნქციები ეროვნული ბანკისთვის გადაეცა, ვინაიდან ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობას ახორციელებს და ამ სეგმენტთან შეხება აქვს.
ექსპერტის თქმით, სამედიცინო საქმიანობის ეროვნულ სააგენტოს სრულიად განსხვავებული პროფილი აქვს. მისი ფუნქციაა, არა კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული დავების (სახელშეკრულებო თუ სხვა) მოგვარება, არამედ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი. კალანდაძის თქმით, სადაზღვევო კომპანიასა და კლიენტს შორის ურთიერთობა ეს არის დაზღვევის და არა მედიცინის სფერო.
“სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფუნქციაა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, ჰოსპიტალურ სექტორზე მონიტორინგი, რამდენად შეესაბამება სამედიცინო სერვისები შესაბამის სტანდარტებს. მედიაციის სამსახურს კი სრულიად განსხვავებული ფუნქცია აქვს. ეს არის ორ პირს შორის არსებული დავის მომგვარებელი ორგანიზაცია. თუ დავა არ მოგვარდა სერვისს საერთოდ ვერ მიიღებს.
გარდა ამისა, სადაზღვევო მომსახურეობა მხოლოდ სამედიცინო დაზღვევით არ შემოიფარგლება. სადაზღვევო კომპანიასა და კლიენტს შორის ურთიერთობა მრავალ კომპონენტს მოიცავს”, - აღნიშნა კალანდაძემ.
მედიაციის სამსახურის გაუქმებით კიდევ უფრო დიდ ხიფათს ხედავს საქართველოს სადაზღვავო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. იგი შიშობს, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ერთი მხრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, მეორე მხრივ კი 2012 წლიდან პენსიონერებისა და ბავშვების დაზღვევას გულისხმობს, შესაძლოა, შეჩერდეს.
“დაზღვევის მედიაციის სამსახურისა და რეგულაციის სააგენტოს გაერთიანება აღნიშნულ პროექტებს მინიმუმ ერთი წლით შეაჩერებს, დაზღვეულებსა და სადაზღვეო კომპანიებს შორის არსებული დავების მოგვარებას კი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. იმ დროს, როდესაც დაზღვევის მედიაციის სამსახურის მიმართ ნდობა გაიზარდა და მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა, სამსახურის გაუქმება მიუღებელია”, - აღნიშნავს გიგოლაშვილი.
943
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85