საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლამის ყოველდღე აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიული მხარის მიერ დაქირავებულიკომპანია განახორციელებს, მაგრამ როგორი იქნება ეს მონიტორინგი? ძალიან უბრალო ენით რომ ვთქვათ, ეს იქნება ყოვლად არასერიოზული პროცესი. საზღვრებზე დაიდგმება რაღაც აპარატები, რომლებიც ფაქტებს დააფიქსირებს (ან “ვერ დააფიქსირებს” სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზების გამო) და მორჩა. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში იქ ევროპელთაგან არავინ იქნება, რათა სათანადო რეაგირება მოახდინონ.
“შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: ამ შეთანხმების თანახმად,საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე და სავაჭრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიული მხარის მიერ დაქირავებული კომპანია განახორციელებს”, - აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე.
მსო-შო რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება და ადამიანები არ იდგებიან. “იქ არ იქნებიან ადამიანები, ეს იქნება ელექტრონული მონიტორინგი”, - დაადასტურა მანჯგალაძის ნაუბარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემაც.
მისივე ინფორმაციით, შვეიცარიულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა ნუსხა იმ კომპანიებისა, რომლებმაც შეიძლება, მონიტორინგი განახორციელონ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება ჯერჯერობით არ მომხდარა.
კალანდაძე უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკვე გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს. “ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა გამორიცხული არ არის, მონიტორინგი სწორედ დასახელებულმა კომპანიამ განახორციელოს”, - დასძინა მან.
ექსპერტებისთვის საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურმა განაცხადა, ქართულ მხარეს სერიოზული მუშაობა დასჭირდება იმისთვის, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდება, ყველა რისკი იქნას გათვალისწინებული.
“როგორც ჩანს, საზღვრებზე ცოცხალი ადამიანები არ იდგებიან. ამასთან, რუსეთმა კოდორის ხეობაში ახალი გზა გახსნა, სადაც არავინ იდგება და შესაბამისად, ის არ გაკონტროლდება. გარდა ამისა, რუსეთიდან აფხაზეთში ტვირთის შეტანა შესაძლებელია გემით. სოხუმის და ოჩამჩირეს პორტებსა და გაგრაში კი არავინ დგას და არავინ შეამოწმებს.
იქნებ, ხელისუფლებას თავიდანვე უთხრეს ამის შესახებ, ჩვენ კი ინფორმაცია არ გვაქვს. მოტყუებული მაშინ ხარ, როცა რაღაცას დაგპირდებიან და მეორე მხარე პირობას არ შეასრულებს, ანუ გეტყვიან ერთს და აკეთებენ მეორეს. ჩვენ უბრალოდ ფაქტი შეგვრჩა - საზღვრებზე არანაირი ცოცხალი მონიტორინგი არ იქნება”, - აღნიშნა ხადურმა.
მის მსგავსად, სრულყოფილი კომენტარის გაკეთება უჭირს ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიას.
“უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, რასთან გვაქვს საქმე, ანუ დოკუმენტში რეალურად რა პირობები იყო ჩადებული და რას მოიცავდა ის საქართველოსთვის. ხელისუფლება პერიოდულად აკეთებდა სხვადასხვა განმარტებებს, რაც ჩვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო იყო, ამიტომ თუ ხელისუფლება სხვა რამეს ავრცელებდა და დოკუმენტში სხვა ეწერა, არ ვიცი.
თუკი დოკუმენტში სხვა რამ ეწერა და შემდგომ სხვა რამეზე მოხდა შეთანხმება, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ამ შემთხვევაში შუამავლების პრობლემაც იქნება და დეტალების გარკვევის შემდეგ უფრო სრულყოფილი განცხადებების გაკეთებას შევძლებთ”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ნარმანიამ და იქვე დასძინა, რომ საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგი საკმარისი არ იქნება, რადგან ელექტრონულ აპარატს შეუძლია, ფაქტები დააფიქსიროს, მაგრამ რეაგირებისთვის ადამიანური რესურსია მნიშვნელოვანი.
კოლეგებისგან განსხვავებით, საკითხის პოლიტიკურ სარჩულზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი შოთა მურღულია, რომლის აზრით, საზღვრების როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური პირების მიერ კონტროლი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც თავად ფაქტი -დოკუმენტში საზღვრების თუნდაც გეოგრაფიული კოორდინატებით აღნიშნვა.
“საზღვრებზე მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის მთავარი აზრი ის იყო, რომ ჩვენ ირიბად მაინც მოგვეთხოვა რუსეთისთვის, რეალური საზღვარი დაეფიქსირებინა. დანარჩენი საკითხები, ანუ ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა თუ არა ხელმისაწვდომი, ეს უკვე მეორადი მნიშვნელობისაა. ერთი სიტყვით, პირველი ეფექტი იყო პოლიტიკური და არა ეკონომიკური.
უბრალოდ, მსო-ში პოლიტიკური მოტივების დაყენება არ შეიძლებოდა და ამიტომ ეკონომიკურად “გადავთარგმნეთ”. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში ქვეყნების გეოგრაფიული კოორდინატები იქნა მითითებული, მაინც გარკვეულ მიღწევადგ ვეთვლება, რადგან ირიბად მაინც იქნა აღიარებული, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. დანარჩენ საკითხებს კი, ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა მურღულიამ.
742
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85