ნინო ჩხობაძე: „ლაზიკას მშენებლობა ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს

ნინო ჩხობაძე: „ლაზიკას მშენებლობა ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს"

მედია–კავშირ „ობიექტივს“ ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ახალი ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა. 

მისი თქმით, კოლხეთის ეროვნული პარკი ჭაობების სისტემაა და შესაბამისად, მასზე ქალაქების მშენებლობა დაუშვებელია. შავი ზღვის სანაპირო ზომაზე მეტად მოწყვლადია და მასზე მაღალსართულიანი ნაგებობები არ არის რეკომენდებული. ნახევარმილიონიანი ქალაქი კი საკმაოდ დიდია. ასეთ შეფასებებს აკეთებს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ყველა სპეციალისტი. 

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქალაქი ფოთი ჭაობებზე აშენდა და დღეს მისი დიდი ნაწილი წყალქვეშაა მოქცეული. სერიოზული პრობლემებია ანაკლიასა და ყულევთან მიმართებაშიც, რადგან ისინი, ასეთივე ზონას განეკუთვნებიან. კოლხეთის დაბლობი ზღვის დონიდან ნულოვან ნიშნულს ქვემოთ არის, ამ ტერიტორიაზე მშენებლობები კი ბუნებრივი ზონების მოშლას საჭიროებს, რაც გახდება წინაპირობა იმისა, რომ ზღვა დაიპყრობს ხმელეთს“, –აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მანვე განაცხადა, რომ ქალაქის მშენებლობა ჭაობების დაშრობას საჭიროებს, რასაც ბუნებრივ კატაკლიზმებამდე მივყავართ. საქართველოში ჭაობები ერთხელ უკვე დაშრა ხრუშჩოვის გეგმის მიხედვით და მკვდარი ტერიტორიები მივიღეთ, რომელიც აღარც ჭაობია, არც საძოვარი, არც საცხოვრისად გამოდგება და არც სოფლის მეურნეობისთვის. 

როგორც ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ამბობს, საქართველოში ჭაობების ეკოსისტემა ჯერჯერობით შენარჩუნებულია, რის გამოც, შავი ზღვა ჯერ კიდევ არ არის „მკვდარი“, ხოლო თუკი ჭაობები მოიშლება შავ ზღვაში თევზი აღარ იარსებებს.

„ჭაობის მოშლა, შავი ზღვის სანაპიროზე, დაკავშირებულია გლობალურ კატასტროფასთან. ისმის კითხვა, რამდენად გავაჩერებთ ჩვენ შავი ზღვის შემოსვლას სანაპიროზე, შეიძლება ამან გამოიწვიოს ისეთი კატაკლიზმები, რომ დავკარგოთ ტერიტორიები“,– ამბობს ნინო ჩხობაძე.
იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკეთ წარმოიდგინოს რა საფრთხეებზეა საუბარი, გარემოს დაცვის სპეციალისტმა კოლხეთის ჭაობი სენდვიჩს შეადარა:

„კოლხეთის ჭაობი სენდვიჩივით არის, მიწა და წყალი ერთმანეთს ენაცვლება. წყალს თუ ამოვიღებთ მიწა ჯდება, დაბლა იწევს და ზღვა შემოდის“

ჩხობაძემ ქიმიურ საფრთხეებზეც ისაუბრა, რაც შეიძლება 1942 წელს შავი ზღვის ფლოტის დისლოცირებისას ჩაძირულმა უამრავმა კრეისერმა გამოიწვიოს.

”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარემ იაპონიის მაგალითიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წამში დაინგრა ქალაქი, რომელსაც ყველა გამაგრებითი და თავდაცვითი პროცედურა უმაღლეს დონეზე ჰქონდა ჩატარებული. შავი ზღვის ზოლს კი ახალი ნაგებობების გარეშეც ბევრი პრობლემა აქვს.

ნინო ჩხობაძეს პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად საზოგადოების ჩართულობა მიაჩნია. ამბობს, რომ მოსახლეობამ უნდა ამოიღოს ხმა, გვერდით დაუდგეს ადამიანებს, ვისაც შესწავლილი აქვს ეს პრობლემა და აცნობიერებს საფრთხეებს. ხოლო ამ პროცესში არასამთავრობო სექტორს შეუძლია მობილიზება გაუკეთოს ექსპერტებს, ვინც იცის, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა და შეფასება. 

მან გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს, რადგან საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ არის და გააჩნია თითქმის ყველა ბუნებრივი კატასტროფის რისკი. 

„სამწუხაროდ, იმ რეფორმის შედეგად, რაც ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, მისი ფუნქცია შეიკვეცა. სამინისტროში გააჩნიათ გარკვეული კომპეტენციები, მაგრამ ეს კომპეტენციები შეზღუდულია. თუ ჩვენი გზა არის ევროპა, თანამედროვე მსოფლიო, გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა განაგებდეს ნებართვებს ისეთ ინიციატივებზე, როგორიც ახალი ქალაქის მშენებლობაა და მისი ხმა უნდა სარგებლობდეს ვეტოს უფლებით, რადგან ასეთი რამეების გაკეთება ძვირად დაუჯდება ქვეყანას.“

ნინო ჩხობაძემ პროექტის ავტორებს ურჩია, პირველ რიგში გაეკეთებინათ შეფასება, რაც კარგად აჩვენებს, რამდენად მიზანშეწონილია ყულევსა და ანაკლიას შორის ქალაქის ააშენება. 

მანვე გაიხსენა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სპეციალისტთა რჩევები არ გაითვალისწინა.

„გაუაზრებელი ნაბიჯები გადაიდგა „მზიურის“ შემთხვევაში, არ იყო გაითვალისწინებული რეკომენდაციები და კლდე იშლება ისე, რომ ძვირადღირებული ბადეებიც არ შველის. არ არის საქართველო ისე გაღატაკებული, რომ მეცნიერული პოტენციალი არ ჰქონდეს, უბრალოდ უნდა ჰკითხონ მათ. თუკი მოხდება ამ ქალაქის აშენება, დაგვრჩება მხოლოდ დეკორაცია, საბჭოთა მონუმენტალიზმის მსგავსი შედეგი, რომელსაც ვერ გავიგებთ, რატომ ავაშენეთ. ამ პროცესებს კი უკან ვერ დავაბრუნებთ,“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.