სვანეთის საგანძურის გადატანის შესახებ ინტერვიუზე ეროვნულმა მუზეუმმა უარი თქვა

სვანეთის საგანძურის გადატანის შესახებ ინტერვიუზე ეროვნულმა მუზეუმმა უარი თქვა

ეროვნულ მუზეუმში, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს 6 დეკემბერს კიდევ ერთხელ ვივმართეთ. 14-პუნქტიანი კითხვები ეხება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მდგარი კონტეინერებიდან ეროვნული საგანძურისა და სხვა ნივთების მუსიკალურ სკოლაში გადატანას.

საქმე იმაშია, რომ 5 დეკემბერს უნდა ჩაგვეწერა ინტერვიუ ეროვნული მუზეუმის რომელიმე თანამშრომელთან, იმასთან, ვინც საგანძურის გადატანასთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს გაგვცემდა. ამის პირობა გასულ შაბათს, 3 დეკემბერს მოგვცა ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა ვერულაშვილმა - დღეს შაბათია, ვერ დაგეხმარებით და თუ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ჩაწერას ვერ შეძლებთ, ორშაბათს შემეხმიანეთო.

ორშაბათს, 5 დეკემბერს ანა ვერულაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. მან თქვა, რომ ეროვნული მუზუემის თანამშომლები ინტერვიუს ჩაწერაზე უარს ამბობენ, რადგან არ მენდობიან - “მათ თქვეს, რომ არ გენდობიან. ასე მითხრეს. მოგვმართეთ წერილობით, განცხადება კანცელარიაში გაატარეთ, როგორც წინა შემთხვევაში და პასუხს წერილობით მიიღებთ. ეს შეიძლება მოხდეს მეორე, მესამე დღეს, ან ათი დღის შემდეგ“.

კითხვები, რომლებიც ინტერვიუს დროს უნდა დაგვესვა, წერილობით ჩამოვაყალიბეთ და იურისტთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე, ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში 6 დეკემბერს ჩავაბარეთ.

შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს ეროვნულ მუზეუმს 12-პუნქტიანი კითხვებით მივმართე, რომელთაც წაკითხვა ინტერნეტში ამ სათაურით შეგიძლიათ - სვანეთის საგანძურზე ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაციას ველოდებით.

შეგახსენებთ, რომ მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ილარიონთან სატელეფონო საუბრიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2 დეკემბერს ე.წ. კონტეინერებში დაცული საგანძური და სხვა ნივთები გადაიტანეს მუსიკალური სკოლის შენობაში. ამის შესახებ მასალა “ობიექტივის“ ვებგვერდზე 3 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ, სათაურით - სვანეთის საგანძური დამეწყრილ შენობაში სამი ავტომანქანით გადაიტანეს.

ეროვნული საგანძურის გადატანის შესახებ  ეროვნული მუზეუმისა და კულტურის სამინისტროს ვებგვერდებზე ინფორმაცია ჯერჯერობით ისევ არ დევს.

როგორც მეუფე ილარიონმა გვითხრა, საგანძურის ე.წ. კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანის პროცესში მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად თავადაც მონაწილეობდა. მეუფის განმარტებით, გადატანის დროს მოხდა ინვენტარიზაცია; შეფუთული საეკლესიო ნივთების ნაწილი, მაგალითად, ადიშის ოთხთავი და ვენეციური ჯვარი გახსნეს და ნახეს; საგანძური სამი ავტომანქანის საშუალებით გადაიტანეს და მუსიკალური სკოლის პირველ სართულზე დააბინავეს. მეორე სართულზე კი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა მოათავსეს.

მესტიაში საგანძურის ე.წ. კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის დამეწყრილ, ნაპრალებიან და ნესტიან შენობაში გადატანის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მკითხველისთვის მოწოდებას, ამ კითხვებზე მიღებული პასუხის შემდეგ შევძლებთ:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მომაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:

1.როდის და რის საფუძველზე მოხდა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში მდგარ კონტეინერებში დაბინავებული საეკლესიო ნივთების (ჯვრები, ხატები, ოთხთავები და სხვა)  მესტიის მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი ბრძანების ასლი (თუ არის აღნიშნულის თაობაზე ბრძანება მიღებული);

2.რა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მუსიკალური სკოლის შენობაში, უშუალოდ რომელმა კომპანიამ (ან ფირმამ) განახორციელა სარემონტო სამუშაოები, ვინ გამოყო რემონტისთვის საჭირო თანხა და კონკრეტულად რამდენი ლარი დაიხარჯა რემონტისთვის? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების, ბრძანების ასლი;

3. მუსიკალური სკოლის შენობაში მხოლოდ საეკლესიო ნივთები გადაიტანეთ, თუ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მთელი კოლექცია? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4.გამოიცა თუ არა ბრძანება საეკლესიო და სხვა ნივთების კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანაზე? გთხოვთ, მომაწოდოთ ბრძანების ასლი;

5.უშუალოდ რომელი სტრუქტურაა პასუხისმგებელი საეკლესიო და სხვა ნივთების მდგომარეობაზე, თუ ისინი დაზიანდა, მუზეუმის შენობიდან კონტეინერებში და შემდეგ კონტეინერებიდან მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანისას? გთხოვთ, მომაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტის ასლი; 

6.კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ექსპონატების გადატანის პროცესში? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

7.მოხდა თუ არა სამუზეუმო ექსპონატების ინვენტარიზაცია? თუ მოხდა, მაშინ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი განხორციელებულ ინვენტარიზაციაზე, რის საფუძველზე განხორციელდა ინვენტარიზაცია? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბრძანების ასლი, თუ ასეთი არსებობს;

8.მთლიანობაში რამდენმა ექსპონატმა დაიდო ბინა მუსიკალური სკოლის შენობაში, რა დრო დასჭირდა მათ გადატანას და კონკრეტულად რით განხორციელდა მათი ტრანსპორტირება? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

9.კონკრეტულად სად, მუსიკალური სკოლის შენობის რომელ სართულზე განათავსეთ საეკლესიო ნივთები (ჯვრები, ხატები, ოთხთავები და სხვა)?

10. მუსიკალური სკოლის შენობის რომელ სართულზე დააბინავეთ ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალა?

11.გადატანის დროს გაიხსნა თუ არა შეფუთული საეკლესიო ნივთები? თუ გაიხსნა, გთხოვთ, მიპასუხოთ რა იყო ამის მიზეზი? ისევ იმავე ქაღალდებში შეიფუთა თუ არა? და კიდევ, საინტერესოა ყველა საეკლესიო ნივთის გახსნა მოხდა, თუ მათი ნაწილის? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

12.როგორია საეკლესიო ნივთებისა და სხვა ექსპონატების მდგომარეობა, აქვთ თუ არა მათ მიღებული დაზიანება? გთხოვთ, მომაწოდოთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

13.შეძლებენ თუ არა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები სამუზეუმო საქმიანობის განხორციელებას, მუსიკალური სკოლის შენობაში? თუ შეძლებენ, ეს შენობის რა ნაწილში მოხდება - პირველ სართულზე, მეორეზე თუ სად?

14. აქვს თუ არა ეროვნულ მუზეუმს მუსიკალური სკოლის შენობის ტექნიკური დასკვნა? თუ აქვს, გთხოვთ, მომაწოდოთ ტექნიკური დასკვნის ასლი“.