ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური კოალიცია რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური კოალიცია რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც კვირას, 4 დეკემბერს შედგა, გამარჯვებული  გახდა ოპოზიციური კოალიცია Kukuriku  („ყიყლიყო“), რომლის სათავეშიც ზორან მილანოვიჩის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა. ეს უცნაური დასახელება კოალიციამ იმ რესტორნის სახელწოდების მიხედვით მიიღო, სადაც ტარდებოდა მოლაპარაკებები მისი შექმნის შესახებ. სოციალ-დემოკრატების გარდა კოალიციაში შედის ხორვატიის სახალხო პარტია, ისტრიული დემოკრატიული ასამბლეა და ხორვატიის პენსიონერთა პარტია.

„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, შედეგები კარგია, და ჩვენც კმაყოფილები ვართ“ - განაცხადა მილანოვიჩმა.

წინა მე-6 მოწვევის პარლამენტი 2007 წელს იყო არჩეული. მორიგი საპარლამენტო არჩევნების ბოლო ვადად 2012 წლის 11 მარტი იყო განსაზღვრული, თუმცა ქვეყნის არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც 2009 წლის ივლისში პრემიერ ივო სანადერის გადადგომამ კიდევ უფრო გააღრმავა, მრავალ ექსპერტს აძლევდა საფუძველს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ევარადაუდა. ქვეყნის პრემიერმა, ქალბატონმა იადრანგა კოსორმა გასულ წელს არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები სავარაუდოდ 2011 წლის ნოემბრეში ჩატარდებოდა. მმართველმა პარტიამ ამა წლის 15 ივლისს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რაც შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაშიც აისახა, რომელმაც 31 ოქტომბერს პარლამენტი დაითხოვა.

1990 წლიდან ხორვატია 10 საარჩევნო ოლქად არის გაყოფილი. ოლქების დაყოფა გეოგრაფიული ნიშნით მოხდა, თუმცა დაყოფის ძირითად პრინციპს პარლამენტში ამ ოლქების პროპორციული წარმომადგენლობა წარმოადგენდა. შესაბამისად ოლქების სივრცის განმსაზღვრელი  რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვის შედარებითი თანაბრობა იყო და ის დაახლოოებით 400 ათას ამომრჩეველს უტოლდება. ამიტომ ეს ოლქები ხორვატიის ადმინისტრაციულ დაყოფას პირდაპირ არ ემთხვევა.

თითოეული ოლქი პარლამენტში 14 დეპუტატს აგზავნის, რომლებიც პარტიული სიებით პროპორციული წესით აირჩევა. პარლამენტის დაკომპლექტების უფლებას ის პარტია იღებს, რომელიც დაწესებულ 5%-იან ბარიერს გადალახავს.

 

არის XI ოლქი, რომელსაც პირობითად „დიასპორის ელექტორატსაც“ ეძახიან, რადგან ამ ოლქიდან ასარჩევ 3 დეპუტატს ქვეყნის გარეთ მცხოვრები ხორვატიის მოქალაქები ირჩევენ. მართალია ხმის უფლება საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ ძირითადად ამ უფლებით მაინც ბოსნია-ჰერცოგოვინელი ხორვატები სარგებლობენ, რომელთა უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

პარლამენტის 8 დეპუტატს XII ოლქში ხორვატიის კონსტიტუციით იურიდიულად აღიარებული 22 ეთნიკური უმცირესობები ირჩევენ, რომელთაგან 3 დეპუტატი სერბული უმცირესობის მიერ ირჩევა.

ხორვატიის პარლამენტი ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა, დეპუტატების რაოდენობა კი ვარირებს 100-დან 160-მდე.

ოფიციალურა საარჩევნო კამპანია 17 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდა. ეს ყველაზე უფრო ხანმოკლე საარჩევნო კამპანია იყო და ის სულ რაღაც 16 დღე გაგრძელდა. თუმცა არაოფიციალურად საარჩევნო სუბიექტებმა კამპანია ბევრად უფრო ადრე დაიწყეს. ოქტომბრის თვიდან კოალიცია „კუკურიკუ“ საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადავიდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობის კრიტიკისა და თავიანთი იდეების პოპულარიზაციის მიზნით, რამდენიმე ღია დებატები გამართეს. საარჩევნო კამპანიის დაწყებას დაემთხვა გენერალური პროკურორის მიერ საჯაროდ გამოტანილი გამოძიების მასალები, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის „შავ“ დაფინანსებას ეხებოდა. ეკონომიკური სტაგნაცია, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციული სკანდალები სერიოზული გამოცდა გახდა იადრანკა კოსორის პოლიტიკური ძალისათვის. ოპოზიცია მძაფრ შეტევაზე გადავიდა, დაადანაშაულა რა მმართველი კოალიცია სახელმწიფო ვალის უპრეცენდენტოდ გაზრდასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის უუნარობაში. ოპოზიცია ბრალს დებდა მმართველ ძალას საკრედიტო რეიტინგის დაქვეითების საფრთხის გაზრდაში.

ასეთი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ოპოზიციურმა კოალიციამ წინასწარ მონაცემების მიხედვით  ერთპალატიან პარტლამენტში 151-დან 79 მანდატი მიიღო, ხოლო მმართველმა პარტიამ „ხორვატული დემოკრატიული თანამეგობრიბა“ - მხოლოდ 47. მესამე ადგილს ლეიბორისტები და ხორვატული სლავონიის და ბარანის  დემოკრატიული კავშირი იყოფენ, მათ 5-5 მანდატი ერგოთ. 

მმართველი პარტიის პოპულარობის ვარდნის მთავარ მიზეზად ანალიტიკოსები პირველ რიგში ეკონომიკის გაუარესების და ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობის მონაწილეობით მთელი რიგი კორუფციული სკანდალებით გამოწვეულ მოსახლეობის უკმაყოფილებას ასახელებენ.

რაც შეეხება გამარჯვებული კოალიციის ლიდერს, 45 წლის მილანოვიჩმა წარმატებით დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დიდი დროის განმავლობაში მუშაობდა  საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ძირითადაც ხორვატიის ნატოსთან ურთიერთობებს კურირებდა. 1990-იანი წლების ბოლო მან დაიწყო პოლიტიკური კარიერა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანებით, 2007 წელს იგი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

არჩევნები ხორვატიის ევროკავშირში გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების ხელმოწერის ბოლო ეტაპს დაემთხვა, რომელიც 8-9 დეკემბერს უნდა ჩატარდეს ევროკავშირის სამიტზე. ოფიციალური გაწევრიანება 2013 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

„ჩვენი ქვეყანა მალე ევროკავშირის 28-ე წევრი გახდება. წინა მთავრობა, რომელიც მეტიმეტად იყო გატაცებული ევროკავშირში გაერთიანების იდეით, უყურადღებოდ ტოვებდა დანარჩენ პრიორიტეტულ საკითხებს. რუსეთი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საგარეო პოლიტიკური აქტივობა„ - განაცხადა კოალიციის წევრი ხორვატიის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა ვესნა პუსიჩმა (მოსალოდნელია, რომ სწორედ ის გახდება ახალ მთავრობაში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი).

ახალ კაბინეტს მოუწევს გადაწყვიტოს ისეთი რთული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. არ არის გამორიცხული, რომ ეკონომიის მიზნით მოხდეს სახელმწიფო მოხელეთა შემცირება იმდენად, რამდენადაც ბიუჯეტი ცარიელია, ხოლო დავალიანების რაოდენობა დასაშვების ზღვარზეა.