ნატო გოგელია, "გურია ნიუსი"
მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 5 დეკემბერს ჩატარდა. ამ საქმეს, რომელსაც უცხოური მედიაც ინტერესით ადევნებს თვალყურს, მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ოთხი შუამდგომლობა დააყენეს, რომელთაგან მოსამართლემ ნაწილი დააკმაყოფილა. ადვოკატები ითხოვდნენ სტატისტიკურ ინფორმაციას პრეზიდენტისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ პირს შეუწყდა ორმაგი მოქალაქეობა, რითაც სურდათ იმის დადგენა, არის თუ არა ხვედელიძესა და ივანიშვილთან მიმართებაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება უპრეცედენტო და უნიკალური, თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ამ სახით მათთან დაცული არ არის.
მოსამართლემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დაავალა, ამ სტატისტიკურ ინფორმაციის სასამართლოსთვის წარდგენა. ასევე, დაავალა სააგენტოს, წარმოადგინოს ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რომელიც საფუძვლად დაედო ეკატერინე ხვედელიძის და ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
მოსამართლე გეწაძემ არ დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა, იუსტიიცისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა.
ივანიშვილის და ხვედელიძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე განსახილველად სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნოს:
–ეს იყო მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც ჩვენმა მხარემ პროცესზე დაზუსტებული სარჩელი წარადგინა. დაზუსტებული იმ კუთხით, რომ მოპასუხედ აღარ იყო დასახელებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, იყო მხოლოდ პრეზიდენტი და უფრო ვრცლად არის დასაბუთებული სარჩელის სამართლებრივი ასპექტები, _ გვითხრა ბარამიძემ.
–ბატონო ალექსანდრე, როგორც ვიცით, თქვენ საქმეზე ექსპერტებად ევა გოცირიძისა და ვახტანგ ხმალაძის დაკითხვას ითხოვდით, რაზეც მოსამართლემ უარი გითხრათ. როგორ ფიქრობთ, რა იყო უარის თქმის მიზეზი?
–როგორც მოსამართლემ განმარტა, ამ ექსპერტებს შეუძლიათ განმარტება მისცენ სამართლებრივ საკითხებზე და ამ საკითხზე სასამართლოს განმარტება არ სჭირდება, რამეთუ თვითონ იცის სამართალი. ამის შემდეგ სამი შუამდგომლობა იქნა დაყენებული _ ინფორმაციის გამოთხოვა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან გვინდოდა. მათ შორის ის, თუ რა პირობებში, რომელი ადმინისტრაციული დოკუმენტაციის საფუძველზე მიენიჭათ თავის დროზე მოქალაქეობა ივანიშვილს და ხვედელიძეს. ამ დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზანი ის იყო, რომ შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, თითქოს ხვედელიძემ დაუმალა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო. სინამდვილეში მას ეს არ დაუმალავს და ვერ დაუმალავდა, იმიტომ, რომ მისთვის არც არავის უკითხავს ამის შესახებ.
–სახელმწიფოს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ როცა ვინმეს მოქალაქეობას ანიჭებს, გადაამოწმოს რომელი ქვეყნის მოქალაქეა და გაიგოს მის შესახებ სრული ინფორმაცია?
–როგორ არ აქვს?! ხვედელიძე ამ ხნის განმავლობაში შემოდიოდა საქართველოში და გადიოდა საქართველოდან ფრანგული პასპორტით. შესაბამისად, იგი გადიოდა სასაზღვრო კონტროლს. სასაზღვრო უწყება, ცხადია, სახელმწიფოს ნაწილია და თუ სხვადასხვა ორგანოებს თუ არ აქვთ ინფორმაციის გაცვლის წესი ერთმანეთში, ეს მოქალაქის პრობლემა არ არის, ეს სახელმწიფოს მართვის პრობლემაა. სინამდვილეში, ეს არის რაღაცნაირი სუსტი არგუმენტი. მისთვის არ უკითხავთ იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ქვეყნის მოქალაქე ხარ. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ შენ დამსახურება გაქვს საქართველოს წინაშე ან საქართველოს ინტერესებშია ის, რომ მოგანიჭოსOსაქართველოს მოქალაქეობა, ამას პრეზიდენტი გააკეთებს. ის უფლებამოსილია გააკეთოს ეს, განურჩევლად იმისა, ორი, სამი თუ მეტი ქვეყნის მოქალაქე ხარ.
–როგორ ფიქრობთ, დაუბრუნებს სასამართლო მოქალაქეობას ივანიშვილს და მის მეუღლეს?
–მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ როგორც მაჩვენებს სასამართლო პროცესის მსვლელობა, მგონი, მოსამართლე იქითკენ იხრება, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოს. რაში ვლინდება ეს? ჯერ ერთი, შუამდგომლობა რომ არ დააკმაყოფილა ექსპერტების შესახებ, ეგ უკვე გითხარით. სამი შუამდგომლობიდან, რომელიც ეხებოდა ინფორმაციის გამოთხოვას, ერთი დააკმაყოფილა, ორი ვითომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სხვათაშორის, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ გამოგვეთხოვა ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაში გაარკვიეს მათ, იყვნენ თუ არა ხვედელიძე და ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეები. ვიღაცამ დარეკა ვიღაცასთან საელჩოში და იმ ვიღაცამ რაღაც წყაროზე მითითებით უთხრა, კი, არისო. ეს ვიღაც, რაღაც და ა.შ მტკიცებულება არ არის. ჩვენ გვჭირდებოდა თუნდაც სატელეფონო ჩანაწერის ოქმი ან რაღაც ამდაგვარი. სასამართლომ კი დააკმაყოფილა ნაწილობრივ ორი შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა, რაც მთავარია, მთავარი სხდომა დანიშნა პარასკევს. ჩვენ ჯერ ხომ უნდა მივიღოთ ინფორმაცია, ხომ უნდა შევისწავლოთ, ხომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით? ამისთვის არასრული ორი დღე გვაქვს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მოგვცეს დროულად. როცა ვუთხარით, რომ ეს მცირე დრო იყო და თუნდაც, იმ კვირაში მაინც გადაეტანათ მთავარი სხდომა, მოსამართლემ კატეგორიული უარი განაცხადა, ვერ ვხდები, რატომ. ასეთი სიჩქარე არ მიანიშნებს სამართლიანი განაჩენის სურვილზე. ასე დაჩქარებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს, მით უმეტეს, რომ დაზუსტებული სარჩელია წარმოდგენილი, როცა ახალი სამართლებრივი, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტები არის წარმოდგენილი.
–ეს სარჩელი რამდენად "განწირულია" სტრასბურგისთვის?
–ალბათ, ასე იქნება. ცხადია, თუ არ დაკმაყოფილდა სარჩელი. მეტსაც გეტყვით _ ივანიშვილის და ხვედელიძის მხარემ, თავის დროზე, სარჩელთან ერთად, შეიტანა შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იმის თაობაზე, რომ შეჩერებულიყო პრეზიდენტის ბრძანებულება მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. პირველი ინსტანციის მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდგომ ეს გასაჩივრდა (ერთჯერადად საჩივრდება) სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წესით და სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შუამდგომლობის ან ნაწილში შიდა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ამოწურულია და უკვე ჩვენ ვფიქრობთ და ვემზადებით იმისთვის, რომ ეს შუამდგომლობა გავასაჩივროთ სტრასბურგში.
748
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85