ნატო გოგელია, "გურია ნიუსი"
გასულ კვირას, პოლიციამ ჩოხატაურის საავადმყოფოში მიმდინარე აქციის დაშლა საკუთარ თავზე აიღო, ექიმებს ხელფასების დარიგების პირობაც მისცა - "ჩვენს მინისტრს დავურეკავთ და პრობლემები მოგიგვარდებათო" და ნაწილობრივ პირობაც შეასრულა _ აქციის საღამოსვე, ექიმებს ხელფასები ჩაერიცხათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დაპირება არ გავრცელდა ექთნებსა და სანიტრებზე, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ თუ ეს პრობლემა ამ კვირაშიც მოუგვარებელი დარჩება, სამსახურში აღარ მივლენ. უცნობია რას მოიმოქმედებს ამჯერად პოლიცია, მაგრამ ცნობილია, რომ მათი გავლენა დამნაშავეებზე არ ვრცელდება, რადგან (გამონაკლისი არც გურიის სხვა მუნიციპალიტეტებია) გახშირებულმა დანაშაულობებმა ჩოხატაურელებს საფუძვლიანი შიში გაუჩინა. ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც, დამნაშავეების პარალელურად პოლიციასაც გვარიანად ჰყავს შეშინებული, ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ სამმართველოს ახალმა უფროსმა, მოლოდინი ვერ გაამართლა. არადა, თავის დროზე, ცირეკიძე იმ პირობით გამოუშვეს, რომ ჯაფარიძის საქმეებს გამოასწორებდა და დანაშაულებს გახსნიდა, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ. იჭერენ ადამიანებს, რომლებსაც ყაჩაღობას ვერ უმტკიცებენ, თუმცა ციხეში სხვადასხვა მიზეზით მაინც უშვებენ, წერენ ჯარიმებს და ერჩიან ჟურნალისტებს. ეს ის საკითხებია, რომლებშიც ცირეკიძის "ცუდ ნიშანს ნამდვილად ვერ დაუწერ". მაგრამ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ცუდზე ცუდი ნიშანი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, რამდენიმე დღის წინ, სამინისტროში დაუწერეს.
"გურია ნიუსის" მიერ გადაღებული კადრების (როგორც ჟურნალისტის მიმართ მუქარის, ასევე ექიმების საპროტესტო აქციის) გამო, დავით ცირეკიძეს მინისტრმა სასტიკი საყვედური უთხრა. მის მიმართ ხელმძღვანელს სხვა პრეტენზიებიც აქვს _ გურიაში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა და პოლიცია დანაშაულობების გახსნას ვერ ახერხებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მერაბიშვილმა ცირეკიძეს საკმაოდ ხმამაღლა უსაყვედურა:
–გურია ერთადერთი რეგიონია, სადაც პატრულს მადლობას არ ეუბნებიან. კეთილი ინებე და სიტუაცია გამოასწორე. ერთ თვეში მქონდეს საქმის მასალები, რომ გურიაში გაუხსნელი დანაშაულობები თითქმის არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაივიწყე რომ პოლიციელი ხარ, –უთქვამს მერაბიშვილს ცირეკიძისთვის და ისიც დაუყოლებია, რომ ლანჩხუთის პოლიციის შენობას მანამ არ გახსნის, სანამ მისი სიტყვა შესრულებული არ იქნება.
ჩვენი წყაროს თქმით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიავლინა სამხარეოს თანამშრომლები ცირეკიძემ ჩოხატაურში. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში მივლინებული პოლიციელები დაუნდობლობით გამოირჩევიან. ისინი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებმაც რამდენიმე ათეული უფროსი გამოიცვალეს და სისტემას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ემსახურებიან. იციან წამების და დაკითხვის განსაკუთრებული მეთოდები. ეს ადამიანები, ბოლო რამდენიმე დღეა ჩოხატაურში ავტომატგადაკიდებულები დარბიან, თუმცა ჯერჯერობით არც დანაშაული გახსნილა და არც ყაჩაღები დაუჭერიათ. სამაგიეროდ იწერება ჯარიმები, ოღონდ მათთვის, ვისაც "პატრონი" არ ჰყავს, რადგან დაზუსტებული ინფორმაციით, გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლები და პოლიციელთა ახლობლები, კარგა ხანია მართვის მოწმობის გარეშე დაატარებენ ავტომანქანებს და მათთვის მოძრაობის წესების დარღვევაც დასაშვებია.
ცირეკიძე, რომელიც ტელეფონში (რასაც ვერ ვიტყვით პირადი შეხვედრების დროს) ყოველთვის ზრდილობიანად საუბრობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყაჩაღობა ისეთი დანაშაულია, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადშიც კი არ გაიხსნას:
–ბატონო დავით, როგორც თქვენთან დაახლოებულმა პირმა გვითხრა, მინისტრმა საყვედური გითხრათ და ერთი თვე მოგცათ იმ დანაშაულობების გახსნისთვის, რომლებიც ბოლო დროს გურიაში, განსაკუთრებით კი ჩოხატაურში გახშირდა. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით, რამდენად სწორია ჩვენი წყაროს ინფორმაცია?
–რა არის იცით? ყაჩაღობა ისეთი დანაშაულია, რომელიც შეიძლება ერთი წელი გავიდეს და მერე გაიხსნას და მე მგონი, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
–ამდენი დანაშაული ერთდროულად, შეშინებული მოსახლეობა მისაღებია?
–გავხსნით.
– როდის, როცა კიდევ ბევრი ყაჩაღობა მოხდება?
–ეგ არავინ არ იცის მოხდება თუ არა.
–როგორც ვიცით, თქვენ სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები მიავლინეთ ჩოხატაურში. რატომ დადგა ამის საჭიროება?
–ეს ჩვენთვის საიდუმლო ინფორმაციაა და ვერ გეტყვით.
–ის მაინც გვითხარით, ექიმებს პრობლემები როგორ "მოუგვარეთ"... როგორც გვითხრეს, სანიტრებს და ექთნებს ხელფასები არ ჩარიცხვიათ ექიმებისგან განსხვავებით...
–დანარჩენს მაიკო გეტყვით, პრესსამსახურის უფროსი.
–თქვენი პრესსამსახურის უფროსი რომ არაფერს არ გვეუბნება?
–არ ვიცი. მაიკოსთან ურთიერთობა თქვენ თვითონ უნდა მოაგვაროთ.
–ჩვენ კი ვაგვარებთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს თქვენი ნება არ არის, რადგან ის მუდამ სხვაგან გვამისამართებს.
–არ ვიცი, მე პასუხს ვერ გაგცემთ, –გვითხრა ცირეკიძემ.
ჩვენ ვეცადეთ მაია გიორგაძესაც დავკავშირებოდით, მაგრამ უშედეგოდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ გვენეტაძემაც.
923
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85