ჯგუფი “30 Seconds to Mars”-ის წარმატება

ჯგუფი “30 Seconds to Mars”-ის წარმატება

ამერიკული როკ-ჯგუფი “30 Seconds to Mars” გინესის რეკორდების წიგნის წევრი გახდა. ეს პატივი მუსიკოსებმა იმით დაიმსახურეს, რომ ბოლო საგასტროლო ტურნეს მიმდინარეობისას 300-მდე კონცერტი ჩაატარეს.

 

ეს ტური გასულ წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ის იმართება ჯგუფის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერის “This is War” მხარდასაჭერად.

 

მიმდინარე წლის 6-9 დეკემბერს, მუსიკოსები ქალაქ ნიუ-იორკში სამ დასკვნით კონცერტს ჩაატარებენ. ორი მათგანი “Hammerstein Ballroom”-ის დარბაზში გაიმართება, ერთი კი “St Peter's of Chelsea”-ს ეკლესიის შენობაში. ეს კონცერტი 9 დეკემბერს ჩატარდება და მასზე დასწრება მხოლოდ 250 იღბლიანს შეეძლება.

 

9 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა ჰაიტის მიწისძვრის დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

 

ალბომი “This is War” 2009 წლის დეკემბერში გამოვიდა. დღემდე მისი ერთი მილიონი ცალია გაყიდული.

 

ჯგუფი “30 Seconds to Mars” 1998 წელს ქალაქ ლოს-ანჟელესში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის ინიციატორები ძმები ჯარედ და შენონ ლეტოები იყვნენ. ამჟამად ჯგუფში ტომო მილიშევიჩიც ირიცხება.

 

კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა სამი სტუდიური ალბომი ჩაწერეს. პირველი “30 Seconds to Mars” 2002 წელს გამოიცა, მეორე “A Beautiful Lie” კი 2005 წელს.