"გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე უარი პირადი წყენისა და გაბუტვის გამო თქვა"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე უარი პირადი წყენისა და გაბუტვის საბაბით თქვა".

"ძალიან ვწუხვარ, რომ პირადი წყენის და გაბუტვის საბაბით დღეს ეკონომიკის მინისტრმა საქმიან შეხვედრაზე უარი თქვა, რომლის ამოცანა იყო ის, რომ ასეულობით ათას ოჯახს ამ ქვეყანაში უკეთესად ეცხოვრა. მე მას ეს შეხვედრა შევთავაზე არა იმიტომ, რომ მიხარია, ან მსიამოვნებს ბატონი კვირიკაშვილის ნახვა, არამედ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დღეს ადამიანებს პრობლემები აწუხებთ და საჭიროა ამ პრობლემების მოგვარება. ამიტომ მისგან განსხვავებით მე შეხვედრას ვხედავდი, როგორც საქმიანს, სადაც გულწრფელად ვისაუბრებდით როგორც იმ პოზიტიურზე, რაც წინა წლებში იყო და შევახსენებ, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ეკონომიკის 7-8%-იანი ზრდა იყო, ასევე ვისაუბრებდით იმ პრობლემებსა და შეცდომებზე, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს წინა წლებში. ამიტომ ჩემი შეთავაზება მის მიმართ აბსოლუტურად საქმიანი იყო და ორიენტირებული იყო ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანების უკეთ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ განსხვავებით ბატონი კვირიკაშვილისა, მე ყოველდღე დავდივარ საქართველოს რეგიონებში და ადამიანებს ვხვდები, მე ვხედავ, რომ დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, ცხოვრობს ან ისევ ისე, ან უფრო უარესად. მე მაწუხებას ამ ადამიანების ბედი და მსურს, რომ მათ უკეთესად იცხოვრონ და საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს. ამიტომ მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს, აბსოლუტურად საქმიანი, არაპოლიტიკური, კონკრეტული წინადადებების განსახილველი შეთავაზება ბატონი კვრიკიაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ კვირიკაშვილმა შეხვედრის გაუქმების მიზეზად საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის მიერ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

"ცოტა ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე, ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე საუბრის მიზნით. სიტყვიერი შეთანხმებაც მქონდა, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. დღეს შევთანხმდით, რომ შეხვედრა შედგებოდა ხვალ, 13:00 საათზე. ამის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა სატელევიზო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დახატა ქვეყანაში აპოკალიფტური სურათი და გამოთქვა "წუხილი", რომ თურმე, ეკონომიკის მინისტრი ვერ იცლის იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" მიიღოს რჩევები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.