"პრემიერ-მინისტრს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს"

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, "პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ღალატობს".

ამის შესახებ ჩიქოვანი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"სამწუხაროდ, მთავრობაში და ყველა სამინისტროში ბევრი მედროვე და შემთხვევითი ხალხია. კიდევ უარესი, რომ უამრავი თავშებრუნებული "ნაცისტია". ყოველ ნაბიჯზე ჩვენ გვაქვს საქმე საბოტაჟთან. ამას ბრმაც ხედავს. დასანანია, რომ ბატონი ბიძინა აშკარად ვერ ხედავს რეალურ სურათს. ამაში დამნაშავეა მისი გარემოცვა, რამდენიმე კაცი, რომლებსაც რატომღაც ბატონი ბიძინა თვალდახუჭული ენდობა. სინამდვილეში, მას ღალატობენ. მეტი რა არის ღალატი, თუ არა რეალური სურათის დაფარვა, საკუთარი ინტერესების ლობირება, თანამდებობებზე ისეთი ხალხის მოყვანა, რომლებსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ და რომლებიც ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე. მე ძალიან არ მომწონს, გუშინდელი "ნაციონალების" ვითომ გადმობარგება "ოცნებაში". რა ღირებულებების მატარებლები არიან ისინი? როგორ შეიძლება მათი ნდობა? გუშინ ისინი ყველა ხერხით ებრძოდნენ ჩვენ ხალხს, რომლებიც დღემდე ქუჩაში არიან.

ტყუილია, რომ საქართველოში არ არიან პროფესიონალები. პროფესიონალებიც არიან, პატრიოტებიც არიან, პატიოსნებიც არიან, მაგრამ ვინ ეძებს ასეთ ხალხს? ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას საკუთარი სახელი. დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს. ქვეყანას უნდა მართავდნენ საუკეთესო კადრები, რომლებმაც ცხოვრების წესით და არა თაღლითობით დაიმსახურეს ეს. ასეთი ხალხი არის, ოღონდ ისინი არ აქტიურობენ და არც ცდილობენ მოიპოვონ თანამდებობები", - წერს ჩიქოვანი.

ამასთან, როგორც მან "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, ზემოთ აღნიშნული განცხადების შინაარსი "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციას არ გამოხატავს და ეს მხოლოდ მისი პირადი აზრია და ამ თემაზე, არც პარტიის ლიდერთან, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან უსაუბრია.