"ნაციონალები" გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას დავით ბაქრაძესთან შეხვედრის გაუქმების შესახებ გაბუტვად აფასებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას დავით ბაქრაძესთან შეხვედრის გაუქმების შესახებ გაბუტვად აფასებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, ეკონომიკის მინისტრის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ მთავრობა საბაბს ეძებდა, რათა ბაქრაძეს არ შეხვედროდა.

"ის რა განცხადებაც კვირიკაშვილმა გააკეთა, მაფიქრებინებს ერთადერთ რამეს, რომ მთავრობა საბაბს ეძებდა, რომ არ შეხვედროდა დავით ბაქრაძეს. მე არ მესმის, რამდენად სწორია, რომ მინისტრები იბუტებოდნენ იმის გამო, რომ მათ მიმართ არის სამართლიანი კრიტიკა. ეს შეხვედრა არ გვინდოდა ჩვენთვის, ეს შეხვედრა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით რეალური ნაბიჯი გადაგვედგა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრს ერთადერთი თემა აინტერესებს და ისევ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და "ქართუ ბანკის" გაკოტრებაზე საუბრობს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ამასთან, ნადირაშვილის თქმით, მას არ ესმის თუ რა ეწყინა კვირიკაშვილს მისი თანაგუნდელის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

"მე არ მესმის რა იყო საწყენი ვაშაძის განცხადებაში, რადგან მან მოიყვანა ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები, რომელიც ადასტურებს იმავეს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღე ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არ არის ზრდა და ის გადავიდა მინუსში. ეს არ არის ჩვენი სიტყვები, ეს არის ციფრებით დადასტურებული მონაცემები. ჩვენც, რომ რ ვილაპარაკოთ ამაზე, ამას ადამიანები გრძნობენ საკუთარ თავზე, რადგან მარტო სამ თვეში 42 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა და ძალიან ბევრი საწარმო დაიხურა. მთავრობასთან შეხვედრის წინადადება დააყენა დავით ბაქრაძემ ორი კვირის წინ. ეტყობა მთავრობას სხვა უფრო "მნიშვნელოვანი" საქმეები აქვს ვიდრე ის, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე იყო საუბარი. ის, რომ ჩვენ შეხვედრა მოვითხოვეთ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გავაკრიტიკებთ მთავრობას და ამ შეხვედრის სურვილით ვიქნებით მუდმივად ჩუმად", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ, დავით ბაქრაძეს შორის შეხვედრა აღარ გაიმართება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება თავად მიიღო. მინისტრის თქმით, მისი გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელმა განცხადებამ განაპირობა.