გიორგი კვირიკაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა აღარ გაიმართება

გიორგი კვირიკაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრა აღარ გაიმართება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძეს შორის შეხვედრა აღარ გაიმართება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მან მიიღო. მისი თქმით, გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელმა განცხადებამ განაპირობა. 

"ცოტა ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე, ქვეყანაში ეკონომიკის მიმდინარე საკითხებზე სასაუბროდ. სიტყვიერი შეთანხმებაც მქონდა, რომ შეხვედრა უნდა შემდგარიყო ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. დღეს შევთანხმდით, რომ შეხვედრა გაიმართებოდა ხვალ, 13:00 საათზე. ამის შემდეგ, "ნაციოლნალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა სატელევიზიო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დახატა ქვეყანაში აპოკალიპტური სურათი და თქვა, რომ თურმე ეკონომიკის მინისტრი ვერ იცლის, რათა "ნაციონალური მოძრაობისგან" მიიღოს რჩევა. ვაშაძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს შეხვედრა განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა - რეალური სურვილს დიალოგისა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე ვაუქმებ დათქმულ შეხვედრას და მთელ პასუხისმგებლობას აღნიშნულის თაობაზე ვაკისრებ დავით ბაქრაძეს და "ნაციონალურ მოძრაობას"", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, თავიდანვე აცნობიერებდა, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა.

"ახლა მინდა, გასაგებად ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის", იმ პოლიტიკური ძალის, რომლის ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა ქვეყანაში ეკონომიკის არასწორი მართვა, ბიზნმესმენების ტერორი, კანონიერი ქონების წართმევა. ის იყო იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მხარი დაუჭირა სპეციალურად შექმნილ კანონს ერთი კონკრეტული ბანკის განადგურების თაობაზე, იმ ბანკის, რომელშიც მე წლების განმავლობაში გენერალურ დირექტორად ვმუშაობდი. ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის არარეალური ზრდის ილუზიას. ახლა გაუჩნდათ სურვილი, გვასწავლონ, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განვითარდეს ქვეყანა, იმ დროს, როდესაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გაუმკლავდეს ძველ მემკვიდრეობას და მაქსიმალურად ხელ შეუწყოს რეალურად თავისუფალი ბიზნესის განვითარებას. მე მაინც ჩავთვალე, რომ ვინაიდან ვარ ეკონომიკის მინისტრი, არავითარი შემთხვევაში არ უნდა მეთქვა უარი ამ შეხვედრაზე. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რეალურად ვაცნობიერებდი, რომ ამ შეხვედრიდან დადებითი შედეგის მოტანის ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლფასი იყო", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.