"ნაციონალური მოძრაობა" პაატა ზაქარეიშვილის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზეთში ომის დაწყების 21-ე წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, აღნიშნულ განცხადებაში, ზაქარეიშვილი საერთოდ არ ახსენებს რუსეთის როლს აფხაზეთში დაძაბულობისა და ომის ინსპირირებაში და საკუთრივ ომის დროს.

"ყველასთვის, განსაკუთრებით კი, იმ ავბედითი მოვლენების თვითმხილველი ასიათასობით ჩვენი თანამემამულისათვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, როგორც კონფლიქტის ინსპირირებაში, ასევე საკუთრივ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ აქტიურად აიარაღებდნენ, ე.წ. "აფხაზურ" ფორმირებებს, რომელთაც რუსეთისვე აგენტები ედგნენ სათავეში, არამედ თავად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. გუდაუთაში განლაგებული რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავდა ქ. სოხუმს, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე", - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია სოჭის 1993 წლის კაბალური ხელშეკრულება, გამოაყვანინა მძიმე ტექნიკა აფხაზეთიდან და შემდეგ მუხანათურად დაარღვია იგი.

როგორ კანდელაკი აცხადებს, რუსმა გენერლებმა და რუსეთის ჯარის დანაყოფებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 1993 წლის სექტემბერში ქ. სოხუმის შტურმში და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასა და ასეულ ათასობით ადამიანის ეთნიკურ წმენდაში, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთი მაღალი რანგის დოკუმენტით.

"ცხადია, საქართველომ დაუშვა არაერთი შეცდომა. ცხადია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების განწყობა ქართული სახელმწიფოს მიმართ არ არის დადებითი, რის გამოსწორებასაც ხანგრძლივი, მრავალვექტორიანი ძალისხმევა და მოთმინება სჭირდება. მაგრამ, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში, ეთნიკურ წმენდაში და ამ წმენდის შედეგების დაკანონების მცდელობაში რუსეთის როლის არდანახვა უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ, არის არა მხოლოდ საკუთარი თავის დაბრმავება, არამედ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აფხაზეთის ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

"დღეს ქართველები და აფხაზები ტრაგიკული მოვლენების მორიგ წლისთავს აღვნიშნავთ. 21 წლის წინ დაწყებული ომი უმძიმეს შედეგებს ამ დრომდე იმკის. ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილება ახლად შექმნილმა სახელმწიფომ და ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო", - ნათქვამია განცხადებაში.