რუსი დეპუტატის აზრით, 21 წლის წინ აფხაზეთის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

რუსი დეპუტატის აზრით, 21 წლის წინ აფხაზეთის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

რუსეთის სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩი მიიჩნევს, რომ 21 წლის წინ ქართველ პოლიტიკოსებს არ ეყოთ სიბრძნე და გამოცდილება, რომ აფხაზეთთან კონფლიქტი მშვიდობიან კალაპოტში გადაეყვანათ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

მისი თქმით, 21 წლის წინ, 14 აგვისტოს, ქართული ჯარები აფხაზეთში შეიჭრნენ და ამის მიზეზი "აფხაზეთის უმაღლესი სათათბიროს მიერ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის გადაწყვეტილება გახდა".

"ეს დოკუმენტი აფხაზეთის ავტონომიამდე დროინდელ სტატუსს ადგენდა. ეს არ მოეწონა საქართველოს მაშინდელ მთავრობას და დაიწყო ნამდვილი, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები", -განაცხადა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა.

მისი აზრით, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. "სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს არ ეყოთ სიბრძნე და პოლიტიკური გამოცდილება,"- განაცხადა ფრანც კლინცევიჩმა.

მისივე თქმით, მაშინ რუსეთის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. "ჩვენი ქვეყნის შუამავლობით, მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა,"- განაცხადა რუსმა დეპუტატმა.