აქციის მონაწილეები თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვენ

აქციის მონაწილეები თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის გარემოს დაცვის სამოქალაქო კომიტეტი" თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსის თანმდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. 

"თბილისის გარემოს დაცვის სამოქალაქო კომიტეტი" და ასათიანის ქუჩის მაცხოვრებელი ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა დაუყოვნებლივ შეწყდეს მშენებლობა წავკისი-კოჯრის გზაზე და პატარა დიღომში, ვინაიდან აღნიშნულ მშენებლობებს მწვანე საფარი და მრავალწლიანი ნარგავები ეწირება.

როგორც საპროტესტო აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ყოველივე ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს, თბილისის გამწვანების სამსახურის უფროსს გიორგი ქორქაშვილს, ვინაიდან სწორედ ის არის პასუხისმგებელი თბილისის სარეკრიაციო ზოლებზე და ქალაქის გამწვანებაზე.

საპროტესტო აქციაზე მივიდნენ "დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი შალვა ობგაიძე და საკრებულოს წევრი ნიკო ხაჩირაშვილი, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს.

ამ დროისთვის ნიკო ხაჩირაშვილი ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე იმყოფება, რათა ვითარებას გაეცნოს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბროს.

ასათიანის ქუჩის მაცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ ყოფილი ფსიქიატრიული სავადმყოფოს ტერიტორიაზე არაერთი მრავაწლოვანი ხე არის, რომლებმაც ბოლო პერიოდში ხმობა დაიწყეს.

მაცხოვრებლები თბილისის საკრებულოს სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვენ, რათა შესწავლილი იქნეს რა იწვევს მრავალწლიანი ხეების გახმობას.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსს ერთკვირიან ვადას აძლევენ რათა თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თბილისის სხვა ქუჩებისა და უბნების მოსახლეობასაც მოუწოდებენ 21 აგვისტოს 16:30 საათზე თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბონ და ერთხმად მოითხოვონ, გიორგი ქორქაშვილმა თანამდებობა დატოვოს.