გიორგი ვაშაძე:

გიორგი ვაშაძე: "სტანდარდ & ფურსის" თანახმად, ეკონომიკაში არსებული მძიმე სურათი გაუარესებას აგრძელებს

ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო–სარეიტინგო კომპანია "სტანდარდ & ფურსის" (STANDARd & POORS) ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში არსებული მძიმე სურათი გაუარესებას აგრძელებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობა, კონკრეტული ქმედითი და სწორი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს (რისი ნიშნებიც არ ჩანს) წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3.5%–ით თუ გაიზრდება, ნაცვლად დაგეგმილი 6%–ისა; მომავალ წელს კი, 5%–ით.

"ეკონომიკის უკუსვლის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო სახელდება, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ნეგატიურ ტენდენციებს ასევე იწვევს ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი შენელება, ეკონომიკისთვის საზიანო პოპულისტური და გაუაზრებელი განცხადებები, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ და მთავრობის მიერ შემოღებული ხისტი რეგულაციები. კარგად გვახსოვს, როგორ იქცა თითქოსდა დასაქმებულთა უფლებების დაცვისკენ მომართული "შრომის კოდექსი" უმუშევრობის მაპროვოცირებელ კოდექსად. უდავოა, რომ აღნიშნული საგანგაშო ტენდენციების გაგრძელება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის დაწევას გამოიწვევს. საკრედიტო რეიტინგის დაწევის შედეგად, მნიშვნელოვნად დაიკლებს ინვესტიციები, რაც უმუშევრობის ზრდის არსებულ ტენდენციას კიდევ უფრო გაამწვავებს", -განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე შეხვედრისთვის მზაობა სიტყვიერად გამოთქვა, ერთი კვირაა შეხვედრას უშედეგოდ ელოდებიან.

"როგორც ჩანს, მინისტრს ეკონომიკასა და უმუშევრობის დაძლევაზე სასაუბრო უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამოუჩნდა,"- აღნიშნა ვაშაძემ.