გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გორში გამართა

გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გორში გამართა

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები გორში გამართა. გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატმა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, მთავარ სპორტულ მოედანზე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა.

გიორგი მარგველაშვილთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, რომელიც ამჟამად შვებულებაშია და შეხვედრას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის რანგში ესწრებოდა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. ასევე ესტუმრა ერთ-ერთი ადგილობრივის, ვალერიან სუხიაშვილის ოჯახს.

"ჩვენ მოვისმინეთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს. როგორც გვითხრეს, სოფელში გადაიწვა წყლის საქაჩი სისტემა და მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივები გეგმავენ რა სჭირდება სოფელს და არა რომელიმე მინისტრი. ეს არის დემოკრატიის რეალური დასაწყისი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნოდარ ხადურმა კი აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. "ჩვენ გავეცანით მათ პრობლემებს. ეს არის სასმელი და სარწყავი წყალი. მთავრობას დაწყებული აქვს ამ პრობლემების მოგვარება და ამ თემაზე მუშაობს. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილს დაუჭიროს მხარი. 27 ოქტომბრიდან უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგებას სოფლებში",-განაცხადა ხადურმა.

მეჯვრისხევის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნოდარ ხადური სოფელ ვარიანს ეწვივნენ. დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, შეხვდნენ ადგილობრივებს და მათი პრობლემები მოისმინეს. გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.

დღესვე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გორის ცენტრში, თეატრთან მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.