მეტალურგიული პროფკავშირი ითხვისის მაღაროში მომხდარის გამოძიებას ითხოვს

მეტალურგიული პროფკავშირი ითხვისის მაღაროში მომხდარის გამოძიებას ითხოვს

მეტალურგიული პროფკავშირი ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მომხდარის გამოძიებას ითხოვს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის რამდენიმე საშუალების მიერ გუშინ მომხდარი ფაქტი გაშუქდა როგორც სტიქიური უბედურება, ორი მაღაროელის დაღუპვა კი წყალდიდობას მიაწერეს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ შესაძლოა, ვინმეს ინტერესში შედის, შემთხვევა სტიქიურ უბედურებას დაბრალდეს და საწარმოო ტრავმა არ დაფიქსირდეს, მაგრამ შრომის უსაფრთხოებისადმი ამგვარი დამოკიდებულება სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების განმეორებას არ გამორიცხავს.

"ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს არანაირ რეკომენდაციებს, მსგავსი ფაქტების დამალვა ჭიათურაში თითქოს ჩვეულებადაა ქცეული. კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებული იქნეს, რატომ არ მოხდა ობიექტის გეოლოგიურად შესწავლა და ბურღვითი სამუშაოების დაწყებაზე განკარგულების მიცემის მიზანშეწონილობა. გამოვლენილი იქნან მომხდარზე პასუხისმგებელი პირები და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ", - აცხადებენ აღნიშნულ პროფკავშირებში.

პროფკავშირის ინფორმაციით, "ითხვისის მაღაროზე ქანების მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. ითხვისის მაღაროს ადმინისტრაციამ იცოდა, რომ ერთერთი დასამუშავებელი ,,სანგრევის" შიგნით წყალი იყო დაგროვილი და იმის მაგივრად, რომ გეოლოგიურად შეესწავლათ წყლის სავარაუდო რაოდენობა, მაღაროელებს მისცეს დავალება, რომ წყლის დაწრეტვის მიზნით გაებურღათ მცირე დიამეტრის სადრენაჟო ხვრელი. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ წყლის რაოდენობა ძალიან ბევრი აღმოჩნდა, შესაბამისად, ბურღვითი სამუშაოს მიმდინარეობისას, წყალმა მთლიანად გადმოანგრია ფენა და იქ მომუშავეე მაღაროელები, როლანდი ნოზაძე და იუზა სამხარაძე წყლის ჭავლმა დაახრჩო", - განმარტავენ მეტალურგიულ პროფკავშირებში.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ითხვისის მაღაროს 32-ე უბანზე უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს მოხდა, რასაც ორი მაღაროელი ემსხვერპლა.