გოგა ონიანი:   გიორგი გაბედავას საჩივრის საფუძველზე მისი მეგობრების დანაშაული გამოიკვეთა

გოგა ონიანი: გიორგი გაბედავას საჩივრის საფუძველზე მისი მეგობრების დანაშაული გამოიკვეთა

გიორგი გაბედავას საჩივრის საფუძველზე მისი მეგობრების დანაშაული გამოიკვეთა, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გოგა ონიანმა დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც გოგა ონიანმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ საჩივრით პოლიციას გიორგი გაბედავამ მიმართა.

"გაბედავამ პოლიციას მიმართა და მოითხოვა პასუხი, რატომ დავარტყი მე მას. თუმცა, მე პოლიციას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა გაბედავას მეგობრების დანაშაული, შესაბამისად, მათ მოუწევთ პასუხისგება იმ დანაშაულზე, რომელიც გუშინ საქალაქო სასამართლოში ჩაიდინეს", - განაცხადა გოგა ონიანმა.

მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსისი 125-ე მუხლის საფუძველზე.

"გაბედავას საჩივრის საფუძველზე პოლიციამ ჩვენგან მიიღო რეალური ინფორმაცია იმ დანაშაულზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გაბედავა და მისი მეგობრები. პოლიციას უკვე გააჩნია სრული ინფორმაცია და ჩემი დაკითხვის შემდეგ პოლიციას მოუწევს იმსჯელოს ამ დანაშაულებების ირგვლივ", - განაცხადა გოგა ონიანმა და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოში ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლის დანაშაული გამოიკვეთა გიორგი გაბედავას, ნანა კაკაბაძის და მათთან ერთად პროტესტის გამომხატველების მხრიდან.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი დაკითხვაზე ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად იმყოფებოდა. საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების შედეგად გიორგი გაბედავა გუშინ საღამოს ინციდენტის ადგილზე დააკავეს. მედიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი გაბედავას. თუმცა, როგორც გოგა ონიანმა განმარტა, ეს მისი მხრიდან საპასუხო რეაქცია იყო, იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში ნანა კაკაბაძე, გიორგი გაბედავა და მათი თანხმლები პირები ბაჩო ახალაიას ადვოკატებისა და გულშემატკივრების წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ახორციელებდნენ.