რიჩარდ ნორლანდმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მეხანძრე-მაშველებს სპეცტანსაცმელი და ეკიპირება გადასცა

რიჩარდ ნორლანდმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მეხანძრე-მაშველებს სპეცტანსაცმელი და ეკიპირება გადასცა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მისი ოთხივე რაიონის მუნიციპალიტეტების მეხანძრე-მაშველებს სხვადასხვა სახის სპეცტანსაცმელი და ეკიპირება გადაეცათ. 

დღეს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ამერიკელ და ქართველ მეხანძრეთა მეგობრობის ბაღში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრეების მონუმენტი ყვავილებით შეამკო.

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მცხეთას შორის წლების განმავლობაში საკმაოდ ახლო ურთიერთობები არსებობს. ჩვენ მადლიერები ვართ იმ მემორიალისთვის, რომელთანაც ახლა ვიმყოფებით და რომელიც 11 სექტემბერს ამერიკაში დაღუპულ მეხანძრეებს ეძღვნება. ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბება შემდგომში მცხეთაში მეხანძრეებისთვის აღჭურვილობის ჩამოტანასა და გადაცემაში გაგრძელდა", - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, აშშ ამის გაკეთებას მომავალშიც გეგმავს და აღჭურვილობა, რომელიც ჩამოვა, მოიცავს არა მარტო მცხეთას, არამედ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებსაც.

მეხანძრე-მაშველებს სხვადასხვა დასახელების სპეცტანსაცმელი და ეკიპირება მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია "ქაუნთერფართ ინტერნეშენელის" და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით გადაეცათ.