ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრის და მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრის და მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრის, მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. 

აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომლების რევაზ ქობულიას და მალხაზ მჟავიას დაწინაურებაა. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, პოლიციის ამ ორ თანამშრომელს ადამიანის წამებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რაც დადგენილია ევროპის სასამართლოს მიერ და რომლის თაობაზეც ინფორმირებულია მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. თუმცა ამის მიუხედავად, როგორც ხატიაშვილი აცხადებს, აღნიშნული პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად დაწინაურდნენ.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ამ საქმეს შეიძლება ეწოდოს "გირგვლიანი –2". მისი თქმით, საქმე ეხება წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში 2005 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც მოქალაქე რევაზ დვალიშვილი აწამეს. ხატიაშვილის თქმით, დვალიშვილი წყალტუბოს სამმართველოს თანამშრომლებმა მათ შორის, რევაზ ქობულიამ და მალხაზ მჟავიამ დააგდეს, ფეხებით შესდგნენ, ფეხით უჭყლიტდნენ ხელის თითებს, შემდეგ ფეხებით დაკიდეს ზემოდან ქვემოთ, დააწყეს ზედ "კოკა-კოლა" და მოსთხოვეს, რომ აელოკა. აღნიშნული ფაქტი შეისწავლა ევროპის სასამართლომ, რომელმაც დვალიშვილის მიმართ არადამინური მოპყრობა დაადგინა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 12 00 ევროს გადახდა დააკისრა.

2012 წლის თებერვალში კი, რევაზ დვალიშვილმა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართა საჩივრით, წყალტუბოს სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებაზე.

როგორც ხატიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ რევაზ ქობულია დაინიშნა წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელად და ასევე დაწინაურდა მალხაზ მჟავია.

"როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში მისი მმართველობის პირველ წელს არ მომხდარა შემთხვევა როდესაც ადამიანის წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული ადამიანები დაწინაურებულიყვნენ, ამას ადგილი აქვს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. იმის ნაცვლად, რომ პოლიციის თანამშრომლები დაეკავებინათ და ისინი სისხლის სამართლბრივ პასუხისმგებლობაში მიცემულიყვნენ, დაწინაურდნენ. განხორციელდა იგივე, რაც თავის დროზე მოხდა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, თუკი მთავრობის ხელმძღვანელი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მთავარი პროკურორის, შს მინისტრისა და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ, ის მთავრობის წინააღმდეგ იმავე ნაბიჯებითა და მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას, როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა.