ნანა კაკაბაძეს და მის ბანდას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული

ნანა კაკაბაძეს და მის ბანდას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული

გოგა ონიანი თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს IV განყოფილებაში დაკითხვაზე ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად გამოცხადდა. 

როგორც ონიანმა განყოფილებაში შესვლამდე განაცხადა, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გუშინ საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. გოგა ონიანმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს იგი ფიზიკურად მართლაც შეეხო პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ გიორგი გაბედავას, თუმცა ეს იყო საპასუხო რეაქცია. 

როგორც ონიანი აცხადებს, გაბედავასგან და ნანა კაკაბაძის გუნდისგან დღის განმავლობაში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებისა და შემდეგ ადვოკატების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმდინარეობდა, რაც შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა.

როგორც ონიანი აცხადებს, სწორედ ამას მოჰყვა მისი მხრიდან საპახუსო ფიზიკური შეურაცხყოფა გაბედავას მიმართ. გოგა ონიანის თქმით, სასამართლოს ეზოში განვითარებულ მოვლენებამდე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებისა და ადვოკატების მხრიდან რამდენჯერმე იყო პოლიციისადმი მიმართვა, რომ სიტუაცია განემუხტათ, თუმცა როგორც ონიანი აცხადებს, პოლიციელებმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინეს.

ონიანის თქმით, "კაკაბაძისა და მისი ბანდისგან" ახალაიას მხარდამჭერების მიმართ მუქარაც განხორციელდა.

"სასამართლოს ეზოში იმყოფებოდა ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, რომელმაც განაცხადა, რომ ტროტილითა და ჰექსოგენით გაგვისწორდებოდა. მსგავსი ხასიათის მუქარები დიდი ხანია ისმის, რაზეც რეაგირება არ არსებობს", - განაცხადა გოგა ონიანმა.

ამასთან მან ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. გოგა ონიანის განცხადებით, "კაკაბაძეს და მის ბანდას" ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული და სასამართლოში პროვოკაციის მიზნით მივიდნენ.

"თუკი მათ სამართლებრივი ნაწილი აინტერესებდათ შეეძლოთ პროცესზე ერთი წარმომადგენელი შეეყვანათ და დაკვირვებოდნენ პროცესის მიმდინარეობას, თუმცა ისინი სხვა რამისთვის იყვნენ გამოშვებული", - განაცხადა გოგა ონიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გუშინ ბაჩო ახალაიას პროცესის მიმდინარეობისას ნანა კაკაბაძის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა. სასამართლო პროცესის შემდეგ ბაჩო ახალაიას პროცესიდან გამოსულ ადვოკატებსა და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტვენებით დახვდნენ, შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მედიის მეშვეობით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს სახეში გოგა ონიანი გიორგი გაბედავას, სწორედ ამ ინციდენტის გამოა ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი გოგა ონიანი პოლიციაში დაბარებული.