რიჩარდ ნორლანდი:

რიჩარდ ნორლანდი: "დენსუსის" კვლევის მიზანი ობიექტური შეფასების გაკეთება იყო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა "დენსუსის" დასკვნაზე კომენტარი გააკეთა. "რამდენადაც ვიცი, "დენსუსის" კვლევის მიზანი იყო ობიექტური შეფასების გაკეთება სამართალდამცველების ხედვის თვალსაზრისით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, ორივე მხარის იურისტები, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის, ამ კვლევას განიხილავენ. ელჩის განცხადებით, აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან არ იქნებოდა მიზანშეწონილი სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.

12 აგვისტოს "თავისუფალმა ზონამ" 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ "რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და ქუჩის ბოძებს მიამაგრეს. ეს საქციელი შეიძლება გავიგოთ როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან.

"ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა ბარიერები პარლამენტის სამხრეთ მხარეს, რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან 200-მა წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.

რამდენიმე მანქანა, რომელიც ეკუთვნოდა პროექტის ორგანიზატორებსა და მათ მცველებს დაიძრა თავისუფლების მოედნისაკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს, ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ, გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და სამოქალაქო პირი.

ოპერაციის ტაქტიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდა დანაყოფების მეთაურებს. არსებობდა გეგმები მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. არსებობდა დეესკალაციის გეგმა. ოპერატიული ინფორმაცია სათანადოდ ეცნობებოდა მეთაურებსა და დანაყოფებს და საფუძვლად ედებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს. თავდაპირველად გამოყენებული რესურსები, მათ შორის არასასიკვდილო და სპეციალური დანიშნულების საშუალებები, იყო თითქმის მთლიანად ადეკვატური მოსალოდნელი საფრთხისა.

არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას. შეშფოთებას იწვევს სოციალური საშუალებების ზედმეტად აგრესიული გამოყენების შემთხვევებიც, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებულია", - ნათქვამია დასკვნაში.