რიჩარდ ნორლანდი:   ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპებს და არა - პიროვნებებს

რიჩარდ ნორლანდი: ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპებს და არა - პიროვნებებს

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპებს და არა - პიროვნებებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. 

ელჩი დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ბათუმში, ამერიკულ ხომალდზე გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა და ეს ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

"ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სტუმრობით ბათუმში, რომლის გემბანზე გამართულ მიღებას დაესწრო როგორც პრეზიდენტი, ასევე პრემიერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპებს და არა - პიროვნებებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარების გზად განიხილებოდეს მშვიდობიანი გზა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუბრები დიპლომატიური მოლაპარაკებების ფორმატში წარიმართოს, რათა მოძებნილი იქნას გადაწყვეტილებები. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი კი, როგორც ნორლანდმა აღნიშნა, ერთ-ერთია.

ელჩის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიის სტანდარტების უმაღლეს დონეს.

"ჩვენი თვალსაზრისით ეს იყო წარმატებული ვიზიტი", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.