ციხეებში ცემა და გაუპატიურება სააკაშვილისეული

ციხეებში ცემა და გაუპატიურება სააკაშვილისეული "წარმატებული ამბის" ბნელი ნაწილი იყო

"საქართველოს ციხეებში ცემა, წამება და გაუპატიურება ისევე, როგორც პატიმართა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა - დანაშაულის შემცირების პრეზიდენტ სააკაშვილისეული "წარმატებული ამბის" ბნელი ნაწილი იყო",- განაცხადა საქართველოს სასჯელაღასრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსულ გამოცემა Russia Today-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორც სოზარ სუბარმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, "ვარდების რევოლუციის" დროს კაკლის ქურდობისთვის დამნაშავეს 14-წლიან პატიმრობას უსჯიდნენ, პატიმართა რაოდენობა კი 400 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში ის სახალხო დამცველი იყო და ამ გადაწყვეტილებების ერთადერთი ახსნა, რომელიც მან გააკეთა ის იყო, რომ სააკაშვილის პოლიტიკა განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონეთა დასჯა იყო.

"სააკაშვილის ეპოქა დასრულდა. მაშინაც კი, როცა მას აბსოლუტური ძალაუფლება ქონდა და მე ომბუდსმენი ვიყავი, საჯარო გამოსვლებსა და წლიურ მოხსენებებში ყოველთვის აღვნიშნავდი ციხეებში შექმნილ ვითარებას. ბევრი ადამიანი იგივენაირად – რეჟიმის საწინააღმდეგოდ იქცეოდა. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა, ხვალაც და ოცი წლის მერეც", - აღნიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და დასძინა, რომ ციხეებში განხორციელებულ წამებაში დამნაშავეები ახლა სასჯელს იხდიან, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი გაქცეულია და მართლმსაჯულებისთვის თავის არიდებას ცდილობს.

რაც შეეხება ციხეებში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შექმნილ ვითარებას და პატიმართა წამების შემთხვევების არგამეორებას, როგორც სოზარ სუბარმა Russia Today-სთან საუბრისას განაცხადა, რთულია თითოეული ადამიანის ქმედებების გაკონტროლება.

"მაგრამ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს, ორი გარანტია არსებობს – მჭიდრო საჯარო დაკვირვება და ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკური ნება. ახლა მთავარი ფასეულობები ადამიანები, ადამიანთა უფლებები და ღირსებაა. ამ სფეროზე საჯარო ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ეს ფაქტები რომ არ გახმაურებულიყო, პატიმართა წამება დღემდე გაგრძელებოდა. ადამიანები შეურაცხყოფილნი იყვნენ წინა რეჟიმით და ყველანაირად ცდილობდნენ მის წინააღმდეგ გაბრძოლებას", - განაცხადა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა ამ შეურაცხყოფის პირდაპირი შედეგი იყო.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა მინისტრის თქმით, ამჟამად საქართველოს ციხეებში სულ 9 ათასი პატიმარია და მათ შორის არც ერთი არ არის პოლიტიკური პატიმარი. თუმცა, მისივე თქმით, პატიმართა შორის არიან ტერორიზმში ბრალდებულები. მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე თავდასხმის მცდელობით გასამართლებული პირი, რომელმაც პოლიციელს ესროლა.
რაც შეეხება საქართველოში არსებული ციხეების მდგომარეობას, რუსულ გამოცემასთან საუბარში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ქართულ ციხეებში რაიმე განსაკუთრებული სისტემა არ არსებობს.

"ჩვენ საკმაოდ ცუდი სისტემა გვაქვს და ძირითადად იმიტომ, რომ ამჟამინდელი სისტემა საბჭოთა მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული. ჩვენი ციხეების თითქმის ნახევარი ძველ შენობაშია, უმრავლესობა მათგანი ბარაკული ტიპის ყაზარმებისგან შედგება, სადაც 300-400 პატიმარია განთავსებული და დიდი ეზოსგან, სადაც ათასზე მეტი პატიმარი ერთდროულად გაჰყავთ სასეირნოდ. ციხის ტერიტორია 3-5 ჰექტარისგან შედგება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იმის გაკონტროლება, თუ რა ხდება იქ. ჩვენი პრიორიტეტი ამ სისტემის ჰუმანიზაციაა, რადგან იქ აღარ იყოს წამებისა და ცემის ფაქტები, პატიმრებს კი უკეთესი საკვები და სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ, რომელიც ახლა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მომდევნო ნაბიჯი C ჰეპატიტის წინაღმდეგ ბრძოლაა – პატიმართა 17 პროცენტზე მეტს ეს დაავადება აქვს. რა თქმა უნდა, მკურნალობა უფასო იქნება. ჩვენ ასევე წარმატებით, ევროპული სტანდარტებით შევებრძოლეთ ციხეებსა და საგამოძიებო იზოლატორებში ტუბერკულოზს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.