ასტრახანიდან ქართველი მეფეების ნეშტის გადმოსვენების საკითხი სექტემბრის შემდეგ გადაწყდება

ასტრახანიდან ქართველი მეფეების ნეშტის გადმოსვენების საკითხი სექტემბრის შემდეგ გადაწყდება

ასტრახანიდან ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენების საკითხი სავარაუდოდ სექტემბრის შემდეგ გადაწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, სექტემბერში ასტრახანში კონფერენციაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, იქაურმა საზოგადოებამ გაიგოს ქართველ მეფეთა: ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადასვენების მიზეზების შესახებ.

"ქართველ მეფეთა ნეშტების გადმოსვენების შესახებ ასტრახანში სექტემბერში კონფერენცია გაიმართება. ამის შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რათა საზოგადოება იყოს გაცნობილი რატომ ხდება ეს ფაქტი, მეფეთა რა ანდერძები არსებობს, რომ მათ ჰქონდათ დატოვებული ანდერძები საქართველოში გადასვენების შესახებ", _ დასძინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

ქართველი მეფეების: ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტების ასტრახანიდად გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გასული წლის ნოემბერში მიმართა. რუსეთის პატრიარქის მიერ შექმნილი კომისის პირველი სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა. რუსულმა მხარემ ისტორიული და არქეოლოგიური მასალის შესასწავლად დრო ითხოვა.

ამასთან, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში უკვე გამზადებულია ქვის სარკოფაგები, სადაც რუსეთიდან გადმოსვენებული ქართველი მეფეების ნეშტებს ჩაასვენებენ.
ვახტანგ მეექვსე 1737 წელს 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა და მიძინების ტაძარში დაკრძალეს.

თეიმურაზ მეორე პეტერბურგში 1762 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მეფე–პოეტის ნეშთი 1762 წლის 4 ივნისს ასტრახანში გადაასვენეს და ისიც მიძინების ტაძარში, მისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალეს.