„მეცხრე არხი“ შალვა რამიშვილთან ხელშეკრულებას წყვეტს

„მეცხრე არხი“ შალვა რამიშვილთან ხელშეკრულებას წყვეტს

ტელეკომპანია „მეცხრე არხი" ჟურნალისტ შალვა რამიშვილთა ხელშეკრულებას წყვეტს.

www.media.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების შეწყვეტას 2013 წლის 15 აგვისტოს გეგმავს, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას მას შესაძლოა, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის პრობლემა ჰქონდეს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ შალვა რამიშვილი ტელეკომპანიაში დაბრუნდეს.

„მე მაქვს მასთან წინადადება, რომ თუ ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ არ აპირებს მუშაობა გააგრძელოს სახელმწიფო სამსახურში, არჩევნების დასრულების მეორე დღესვე, დიდი სიამოვნებით დავაბრუნებ სამსახურში. ის რეიტინგული ჟურნალისტია", - განაცხადა ელიაშვილმა.

რაც შეეხება თავად შალვა რამიშვილს, მისი განცხადებით, ახლა შვებულებაშია, „მეცხრე არხის" თანამშრომლად რჩება და მომავალი სატელევიზიო სეზონიდან არხზე მუშაობას განაახლებს.

შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია „მაესტრო" 2013 წლის იანვარში დატოვა, რის შემდეგაც მუშაობა „მეცხრე არხზე" განაგრძო. „მეცხრე არხზე" მას ყოველდღიური შუადღის გადაცემა - „ცხელი შუადღე მიჰყავდა.

საარჩევნო პერიოდში კი, რამიშვილი „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველშვილის პიარსამსახურს უხელმძღვანელებს.