გორის რაიონში ირანელებზე მიწის მიყიდვის ფაქტები ფიქსირდება

გორის რაიონში ირანელებზე მიწის მიყიდვის ფაქტები ფიქსირდება

შპს ,,GISUN”-ის წარმომადგენლებმა რეზა შაჰაბადმა და მაჯიდ ზომოროდმა გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 2013 წლის 7 ივლისს დაახლოებით 1700 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეობი დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეისყიდეს. აღნიშნული ფაქტის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბერბუკელებმა აცნობეს, რომლის გადამოწმების შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ფაქტი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დადასტურდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა რეზა შაჯაბადმა და მაჯიდ ზომოროდმა კომპანია შპს ,,GISUN” საქართველოში 2013 წლის 20 მაისს დაფუძნეს. საწარმოს საქმიანობად ,,ნებისმიერი საქმიანობაა” მითითებული.

2013 წლის 20 ივნისს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „საქართველოში ირანელების ინვესტიცია სანქციების მიუხედავად იზრდება“. სტატიის მიხედვით, 2011 წლიდან საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან 1500-მდე გაიზარდა. Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე მოყვანილი იყო აშშ-ის ხაზინის ოფიციალური პირის, დევიდ კოენის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ ამერიკა ორიენტირებულია აღკვეთოს ირანის მიერ სანქციების თავიდან აცილების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის შესაძლო ბიზნესკავშირები საქართველოში.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა.

„სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან. აგრეთვე ვხედავთ ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს. ბოლო წლებში ირანის მიერ საქართველოში სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების გამო შეერთებული შტატების შეშფოთება გაიზარდა. შეერთებული შტატების წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Wall Street Journal–ის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების დაახლოებით 150 საბანკო ანგარიში გაყინა: „ქალბატონმა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იკვლევს იმ სამხილებს, რომელიც ამერიკული გამოცემის სტატიაში გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ თბილისი მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-სა და აშშ-სთან ირანისთვის დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით“, – წერია გამოცემაში.

,,უოლ სტრით ჯორნალში” ისიც წერია, რომ საქართველოში ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2011 წლიდან გაუქმებულია.