გია ნოდია: როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნებამდე 2 თვით ადრე თანამდებობას ტოვებს, ეს ცუდი სიგნალია

გია ნოდია: როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე არჩევნებამდე 2 თვით ადრე თანამდებობას ტოვებს, ეს ცუდი სიგნალია

ექსპერტ გია ნოდიას შეფასებით, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნებამდე 2 თვით ადრე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას აკეთებს, ეს ცუდი სიგნალია.

როგორც ნოდიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხარატიშვილმს თანამდებობიდან წასვლა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენების მოტივით გადაწვიტა და დიდი ალბათობაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგი ყოფილიყო.

"არ ვიცი რეალური მოტივები თუ რატომ შეიძლებოდა ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან გადამდგარიყო, მას ოფიციალურად ჯერ არ უთქვამს მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზები და ფაქტის შეფასება ცოტა რთულია, თუმცა როდესაც სარეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან მიდის, ეს ცუდი სიგნალია. ხარატიშვილი საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანია და შესაძლოა მისი გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლებასთან კავშირში იყოს. შესაძლოა, მას ისეთი რამის გაკეთებას სთხოვდნენ, რისი გაკეთებაც არ უნდოდა,"- განაცხადა გია ნოდიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად ხარატიშვილმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, აღნიშნულს ნოდია ნაკლებადსავარაუდოდ მიიჩნევს და მისი შეფასებით, ზურაბ ხარატიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ამომრჩევლის მინიმალური მხარდაჭერა ექნება.

"პირველ რიგში, ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნია, რომ მან თანამდებობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. რაც შეეხება საუბრებს იმის შესახებ, რომ თუ ხარატიშვილმა მართლაც მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა - ეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებული თამაშია, ეს სრულ აბსურდად მიმაჩნია, რადგან "ნაცმოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე რეალური მეორე ადგილითვის იბრძვის და არ მგონია მას მსგავსი ნაბიჯები სჭირდებოდეს. ხოლო ხარატიშვილს დამოუკიდებლად კენჭის ყრის შემთხვევაში, პრაქტიკულად, ამომრჩევლის მინიმალური მხარდაჭერა ექნება,"- აღნიშნა ნოდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით პარლამენტს გუშინ მიმართა. ხარატიშვილი მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე 15 აგვისტოს ისაუბრებს.