ასეთ გეგმას უტოპისტებიც კი ვერ მოიფიქრებდნენ: 10 წელიწადში ნახევარმილიონიანი ქალაქი ყამირ ადგილას, თანაც 1 მილიარდ დოლარად, უცხოელი ინვესტორების იმედად. ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც უცხოელი ინვესტორები არათუ ქალაქის ასაშენებლად, არამედ ანაკლიასა და ქობულეთში სასტუმროს ასაგებადაც კი ფულს ვერ იმეტებენ. თანაც ქუთაისზე ორჯერ დიდი ქალაქის (ქუთაისში 230 ათასი ადამიანი ცხოვრობს) გამართვას 1 მილიარდი დოლარი უნდა ეყოს მაშინ, როცა ბათუმში ანბანის კოშკის მშენებლობას 64 მლნ ლარი სჭირდება, ხოლო თბილისში შუშის ხიდის წამოჭიმვას - 20 მილიონ დოლარი.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი თავის სტილში ამტკიცებს, რომ ახალი ქალაქის - ლაზიკას მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება და მთავრობა 4 წლის განმავლობაში ქალაქის მშენებლობისთვის 200 მილიონს დახარჯავს, დანარჩენი კერძო ინვესტიციებით აშენდება.
სააკაშვილის აზრით ის იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე. პრეზიდენტის ამტკიცებს, რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში, რათა მათ ფული ჩადონ ახალი ქალაქის მშენებლობაში.
ლაზიკას დაარსებას მმართველი გუნდი, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინებით ხვდება, საპარლამენტო ოპოზიცია კი - კრიტიკით. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკალაური ქალაქ ლაზიკას აშენების საქმეში თურქეთში მცხოვრები ლაზებისგან ინვესტიცების ჩადებას ელის და დარწმუნებულია, რომ ამ პროექტის განხორციელება სამეგრელოს რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
როგორც წიკლაური განმარტავს, “აფხაზეთის ოკუპაციამ სამეგრელოს რეგიონთან მიმართებაში ერთგვარი ჩიხი წარმოქმნა, ხოლო ანაკლიის განვითარების გეგმით და ახალი ქალაქის დაარსებით მთელი შავიზღვისპირა ზოლის ათვისება-განვითარება და სამეგრელოს დანარჩენი ტერიტორიის განვითარება იქნება უზრუნველყოფილი”.
რაც შეეხება იმ 500 ათას ადამიანს, რომელმაც, პრეზიდენტის თქმით, ლაზიკაში უნდა იცხოვროს, დეპუტატის აზრით, “საუბარია მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებზე და ლაზებზე, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ამ პროექტის განვითარებაში საკუთარ ინვესტიციებს ჩადებენ”.
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე კი თვლის, რომ ლაზიკას მშენებლობა მორიგი მითოლოგიური დაპირებაა. ამიტომაც ქდმ ხელისუფლებას ურჩევს, ახალი ქალაქების მშენებლობის დაწყების ნაცვლად, უკვე არსებული ქალაქების განვითარებას მიხედოს.
“სამშენებლო სფეროში ძველი შენობების რეკონსტრუქციას ახლის აშენება სჯობს. როგორც ჩანს, მიხელ სააკაშვილს ეს რეკონსტრუქციები და ძველი კონსტრუქციები მობეზრდა და ახლა სურს, ახლის შენება დაიწყოს, რაც მითოლოგირი დაპირების ნაწილია”, - განაცხადა ვეფხვაძემ.
პოლიტიკოსების მოსაზრებები, რასაკვირველია, შორს არის პროფესიონალური ხედვებიდან. საინტერესოა, რას ფიქრობენ ლაზიკაზე უშუალოდ ამ საქმის სპეციალისტები.
კომპანია “არსის” დამფუძნებლის, ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, ამ ტერიტორიაზე რეგიონული მასშტაბის პორტის ამოქმედების შემთხვევაში, ქალაქის აშენება რეალურია, თუმცა მას ეჭვი ეპარება, რომ იქ 10 წელიწადში თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქის აშენება მოხერხდეს.
“პროექტს არ ვიცნობ და ამიტომ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა თუკი იქ განვითარდება რეგიონალური მასშტაბის პორტი, რომელიც შუა აზიიდან ევროპისკენ მიმავალ ტვირთებს მოემსახურება, ეს ქალაქის შექმნის წინაპირობა ნამდვილად გახდება, რადგან ასეთი ობიექტი საჭიროებს სათანადო ინფრასტრუქტურას - სამედიცინო მომსახურების, განათლების, გართობის თვალსაზრისით”, - აცხადებს როსტომაშვილი.
გაცილებით სკეპტიკურადაა განწყობილი ახალი პროექტის მიმართ მშენებლობისა და ურბანიზაციის ყოფილი მინისტრი მერაბ ჩხენკელი. მისი აზრით, 10-წელიწადში მსხვილი ქალაქის აშენება მთელი თავისი ინფრასტრუქტურით შეუძლებელია.
“ქალაქის წარმომქმნელი ფაქტორი საწარმოო ძალების განთავსებაა. იქ უნდა არსებობდეს ქარხნები, ასევე სკოლები, ჯანდაცვისა და გართობის ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. ეს სრულფასოვანი ქალაქის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ამის შექმნა კი 10 წელიწადში წარმოუდგენლად მეჩვენება.
შესაძლოა, რომელიმე საწარმოსთან მოხდეს დასახლების შექმნა, მაგრამ არა ნახევარმილიონიანი ქალაქისა. ვფიქრობ, ჯერ ხელისუფლებამ არსებული ქალაქების განვითარებაზე უნდა იზრუნოს”, - ამბობს ჩხენკელი.
პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სოსო გალუმაშვილის აზრით კი, სააკაშვილის განცხადება ახალი ქალაქის აშენების შესახებ გათვლილი იყო სამეგრელოს ამომრჩეველზე, რადგან ის უკვე ამ რეგიონში მცხოვრებ ელექტორატს თანდათან კარგავს.
ამ განცხადებაში მთავარი იყო არა ქალაქის აშენების დაპირება, არამედ მომავალი წლიდან რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმების შესახებ გაკეთებული განცხადება. “ის სამეგრელოს მოსახლეობას სამუშაო ადგილებს დაპირდა და ეს იყო იმ წინასარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხელისუფლებამ ივანიშვილის გამო დაიწყო.
სოსო გალუმაშვილის აზრით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს დაპირებებში ვერ აჯობებს, რადგან მას ბევრად მეტის დაპირება შეუძლია. პრეზიდენტი ყოველდღე სადღაც ჩადის, რაღაც ობიექტებს ხსნის და ამომრჩეველს ათას რამეს პირდება, მაგრამ ეს დაპირებები მათ ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.
“თუნდაც პენსიებთან დაკავშირებით, ხელისუფლება ხომ დაპირდა პენსიონერებს პენსიას 140 ლარამდე გავზრდითო. რატომ არ შეუძლია იგივეს, თანაც უფრო ბევრად მეტის დაპირება ივანიშვილს? მან რომ თქვას პენსიას 500 ლარამდე გავზრდიო, როგორ გგონიათ, ხალხი რომელს უფრო დაუჯერებს, ივანიშვილს თუ სააკაშვილს?
ივანიშვილს ხალხი იცნობს, როგორც ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანს და სანდოობის მეტი მომენტი აქვს. თანაც ხელისუფლებამ უკვე განსაზღვრა თავისი დანაპირები, ივანიშვილს კი ჯერ არაფერი უთქვამს და არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ მისგან, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის ბევრი დაპირება არარეალურია.
აი, თუნდაც ახალ ქალაქ ლაზიკასა და ამ ქალაქში ნახევარ მილიონ მცხოვრებზე გაკეთებული განცხადება. ვინც ჩვენს დემოგრაფიულ სურათს იცნობს, გაეცინება. ამ მხრივ ძალზედ სერიოზული პრობლემები გვაქვს. 10 წელიწადში ნახევარი მილიონით ვერ გაიზრდება, ჩვენი მოსახლეობა, პირიქით, კლება თუ არ მოხდა. გამოდის, რომ სხვა ქალაქები და სოფლები უნდა დაიცალოს, ეს კი, უარეს შედეგამდე მიგვიყვანს”, - აღნიშნავს ექსპერტი.
944
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85