შინაგან საქმეთა სამინისტრო შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას და 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლების საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, თელია დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლებს ფაქტის დროულად გამოძიებას დაჰპირდა.
როგორც თელიამ განაცხადა, საქმეში დღეის მდგომარეობით აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი.
"დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებული ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გარკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა," – აცხადებს თელია.
მისივე თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მობილიზებულია ყველა რესურსი, რაც კი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველაფერი კეთდება იმისთვი, რომ მალე დადგეს შედეგი.
ამასთან, დარეჯან დიასამიძის დედის, ლამზირა მახარაძის თქმით, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ოჯახს დახმარებას შეპირდა და თბილისიდან მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის გზის გაკვლევაში დასახმარებლად სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მობილიზება ითხოვა. "მოგვცა იმედი, რომ აუცილებლად იპოვის გოგონას. ძებნა მთელი აჭარის მასშტაბით იქნება", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.
17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს 10:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.