ვინ აწვდის თამარ ჩერგოლეიშვილს IRI–ს გასაიდუმლოებულ კვლევებს?!

ვინ აწვდის თამარ ჩერგოლეიშვილს IRI–ს გასაიდუმლოებულ კვლევებს?!

„ნაციონალებმა“ ითმინეს, ითმინეს პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენა და ბოლოს სათავისო რეიტინგი გამოაცხეს: სააკაშვილის პარტიას არჩევნებისთვის 42%-იანი რეიტინგი მიაკუთვნეს, ხოლო ივანიშვილს –17% არგუნეს. თანაც ეს „უტყუარი“ კვლევა IRI (ანუ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს) მიაწერეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. როგორც ჩანს, IRI ამ კონკრეტული კვლევის შესახებ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ არ იცის არაფერი, თორემ თამარ ჩერგოლეიშვილს ამ კვლევის შესახებ პრივატულად შეუტყვია. საინტერესოა, შეესაბამება თუ არა IRI  კვლევა სინამდვილეს? ამის შესახებ Presage.tv ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.      

მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა. ახლახანს, დასავლეთში პოპულარულ გამოცემა The Economist-ში დაიბეჭდა პუბლიკაცია, სახელწოდებით „გამოწვევა მიშას“, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსულ იდუმალებით მოცულ ადამიანს შეეხებოდა. ცხადია, საუბარია ბიძინა ივანიშვილზე.

„ბიძინა ივანიშვილი, რომლის 5.5 მილიარდ დოლარიანი ქონება საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტსაც შეავსებდა და კიდევ ხურდაც დარჩებოდა, აცხადებს, რომ დადგა დრო მიხეილ სააკაშვილის „ავტორიტარულ“ მმართველობას ბოლო მოეღოს,“ – წერს გამოცემა და აქვე ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სააკაშვილის მშვიდ რეაქციაზე  ისე ამახვილებს ყურადღებას, რომ აშკარაა, ცნობილ გამოცემას დაუმალეს ინფორმაცია, სააკაშვილმა მონები რომ უწოდა იმ ხალხს, რომლებიც ვასალურ მდგომარეობას მისტირიან და ამაში საქართველოს პრეზიდენტმა (ექსპერტების დასტურითაც და, მათ გარეშეც) ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

The Economist-ს სულ სხვა ინფორმაცია მისვლია, რომ მეტოქის გამოჩენამ  მიხეილ სააკაშვილზე თურმე დადებითად იმოქმედა და საქართველოს პრეზიდენტს ისიც კი ათქმევინა, კარგია მისი გამოჩენა, ფორმას არ დაგვაკარგინებსო: „სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, „ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს”, – ვკითხულობთ The Economist-ში.

დასავლური გამოცემა აქვე ორპოლუსიანი არჩევნების მთავარი ფიგურების რეიტინგსაც შეეხო და განმარტა:

„ივანიშვილი აცხადებს, რომ მომავლ წელს, არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით „ნამდვილად” მოვა. მას პრემიერ-მინისტრობაზე უჭირავს თვალი, თუმცა მისი პოპულარობა რეიტინგის მიხედვით მხოლოდ 17%-ს აღწევს, სააკაშვილის პარტიას კი 42% აქვს. თავად სააკაშვილის საქმიანობის რეიტინგი კი კიდევ უფრო მაღალია. მთავრობა დარწმუნებულია იმაში, რომ ივანიშვილი ხმების უმრავლესობას ვერ წაართმევს, მაგრამ შიშობს, რომ არჩევნების შედეგებზე ქუჩაში

ატეხავს დავას. ივანიშვილი მტკიცედ იმეორებს, რომ რევოლუციის სურვილი არ აქვს, მაგრამ აზრის შეცვლა ახასიათებს“, – დასძენს The Economist.

თუ რამდენად დამაჯერებელია სააკაშვილის პარტიის 42 %-იანი რეიტინგი, ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი Presage.tv-სთან კომენტირებისას განმარტავს, რომ მსგავსი კვლევა IRI საერთოდ არ ჩაუტარებია:

„ამნაირი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ  მე არ ვიცი, რას ეყრდნობა ქალბატონი თამარი. მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო. IRI კვლევა რომ ჩატარდება, ყველა პოლიტიკურ პარტიას თავ-თავიანთ რეიტინგებს დაურიგებენ და ამას მთელი საქართველო გაიგებს. შეიძლება, ყველა შედეგი ვერ გავიგოთ, მაგრამ ჩვენ-ჩვენი შედეგები გვეცოდინება. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა“.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოქვეყნდა ასეთი ინფორმაცია მაინცდამაინც The Economist-ში, ლევან ბერძენიშვილი ვერ აზუსტებს, მაგრამ ის კი დანამდვილებით იცის, „ვინც“ აწვდის ამ დასავლურ გამოცემას ინფორმაციას.

„თვითონ მიაწვდიან ხოლმე რაღაც ინფორმაციას, მერე თავადვე აღფრთოვანდებიან ამით და ამის მეტი რა გვინახავს?!“ – შენიშნავს პოლიტიკოსი.

აქვე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, მართალია, აცხადებს, რომ IRI ასეთი კვლევა არ ჩაუტარებია, მაგრამ იმას კი გვიმხელს, რომ ამ ორგანიზაციამ სულ სხვა კვლევა ნამდვილად ჩაატარა, რომელშიც სულ სხვა შედეგები დაიდო. ბერძენიშვილის ინფორმაციით, ამის შესახებ სულ მალე გაიგებს საქართველოს მოსახლეობა.

„სინამდვილეში, ბატონ ივანიშვილის რეიტინგი 17% რომ არ არის საქართველოში, მე მგონი, რამენაირად ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილსაც ეცოდინება“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.    

პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, საზოგადოებისთვის შეიძლება მართლაც უცნობი იყოს კვლევა, რადგან გააჩნია, ვინ დაუკვეთა ასეთი კვლევა და რისთვის დაუკვეთა. თუმცა, როცა უცხოურ პრესაში ხვდება რაიმე სახის ინფორმაცია, მაშინ ქართულ საზოგადოებასაც აქვს სრული უფლება, მოითხოვოს, გაეცნოს ამ კვლევებს.

„ამიტომაც IRI  თავად უნდა დაადასტუროს ან უარყოს ასეთი ინფორმაცია. ეს უფრო რეალობა იქნება. კონკრეტულ ციფრს კონკრეტული პასუხი სჭირდება და მკითხაობად არ ღირს. თუ ეს კვლევა სადმე მიყრუებულ სოფელში ჩატარდა, სადაც არც გაუგიათ ივანიშვილის არსებობა, მაშინ შეიძლება იყოს ასეთი მაჩვენებელი. მაგრამ „ენ-დი-აი-ს“ მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ გამოკითხვები არის გასაშუალოებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. რატომღაც დაკარგეს სურვილი, გამოყონ თბილისი, მისი შედარებით უფრო ინფორმირებული მოსახლეობით და გაერკვნენ, სინამდვილეში, რა ვითარებაა მთლიანად საქართველოში და მთლიანად თბილისში“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის ასეთი რეიტინგი, უბრალოდ, სასაცილო და ღილიმლისმომგვრელია.

„თუკი ახლა კვლევის ავტორები, ან ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოში ივანიშვილის მიმართ მხოლოდ 17 %-ს აქვს დადებითი დამოკიდებულება, ეს მისი საქმეა. მე არ ვიცი, რეალურად როგორია პროცენტული მონაცემები, მაგრამ ვისაც დავლაპარაკებივარ და ვისაც ვიცნობ, ყველანი ბიძინა ივანიშვილთან მიმარებით აფიქსირებენ თავიანთ კეთილგანწყობას, რომ იგი არის უალტერნატივო, იგი გახლავთ გასაღები იმ გაჭირვების, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“.

ამასთან, ძიძიგურის აზრით, ბიზნესმენთან მიმართებით საზოგადოების ასეთი პოზიცია უსაფუძვლო არ არის, რაც მალე კონკრეტულ რეიტინგებსა და ციფრებშიც აისახება.

„ვფიქრობ, გაცილებით უფრო მაღალი იქნება  ბიძინა ივანიშვილის რეიტინგის გამომხატველი ციფრი. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს და პოზიცია მალე დაფიქსირდება“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური Presage.tv-სთან საუბარში.

ახლა კი, ყველაზე მთავარი, თუ კვლევა ნამდვილია, მხლოდ ისღა რჩება გასარკევი რატომ იცის ამის შესახებ მხოლოდ ჩერგოლეიშვილმა? და ამის შემდეგ, რამდენად სარწმუნოა, რომ მისი „ტაბულა“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალი?