რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლოს-ანჯელესში დაასახელეს იმ მუსიკოს შემსრულებელთა ვინაობა, რომლებიც მუსიკალური ჯილდო “გრემის” 54-ე საზეიმო ცერემონიალის სხვადასხვა ნომინაციებში იქნებიან წარმოდგენილები.
ამერიკელი რეპ მომღერალი კენი უესტი ერთგვარი რეკორდსმენი აღმოჩნდა. ის წარმატებისათვის ერთდროულად შვიდ ნომინაციაში იბრძოლებს. მუსიკალური კრიტიკოსების აზრით უესტს წარმატების შანსი ორ ნომინაციაში გააჩნია – “წლის საუკეთესო რეპ ალბომი” და “წლის საუკეთესო რეპ კომპოზიცია”.
ბრიტანელი მომღერალი ადელი, ამერიკელი ბრუნო მარსი და ჯგუფი “Foo Fighters” ხუთ ნომინაციაში დაასახელეს.
ადელს წარმატებას შემდეგ ნომინაციებში უწინასწარმეტყველებენ: “წლის ჩანაწერი”, “წლის ალბომი” და “წლის კომპოზიცია”.
ამერიკელები ლილ უეინი და Skrillex გამარჯვებისათვის ხუთ ნომინაციაში იბრძოლებენ.
რასაკვირველია “გრემის” დაჯილდოების საზეიმო ცერეემონიალზე მომღერალი ლედი გაგაც იქნება წარმოდგენილი. ეს ქალბატონი მონაწილეობას მიიღებს ნომინაციებში “წლის ალბომი” და “წლის საუკეთესო სოლო კონცერტი”.
“გრემის” დაჯილდოების 54-ე საზეიმო ცერემონიალი მომავალი წლის 12 თებერვალს გაიმართება.