დიტო გელოვანი: ამბავში და გაგებაში

დიტო გელოვანი: ამბავში და გაგებაში

ამბავი, ამბავში – ზოგეჯერ ნიშნავს „საქმეს“: „მონდომების ამბავი იყო და ყველაფერსაც მშვენივრად დაინახავდი“, „ხომ იცი, ყველა ამბავში პატივს გცემ“ (გია ჭუმბურიძე. თრგმ.) – იგულისხმება: მაშინაც კი გცემ პატივს, როდესაც ისეთ საქმეს ჩადიხარ, რაც, ჩვეულებრივ (სხვებისგან) პატივისცემას არ იმსახურებს.

მაგრამ უმეტესად ამ სიტყვას ისეთი ნიუანსები ახლავს, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად უნდა გადმოიცეს სალიტერატურო ქართულით, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვაქვს შესიტყვება „... ამბავში გადის“: „ზოგიც კიდე ლიმონათის ნათალს უშვებოდა და ვითომ ეს უკვე კანადურ ამბავში გადიოდა“ (ლაპარაკია ჩერი–ბრენდში გარეულ რომზე, რომელსაც ლიმონი ვითომ რომელიღაც კანადურ სასმელს ამსგავსებდა); „ახლა კატების მთელ ხროვას პატრონობდნენ გრძნობების კომპენსაციის ამბავში“ (გია ჭუმბურიძე. თრგმ.“ – ნიშნავს: გრძნობების საკომპენსაციოდ.

(ლევან ბრეგაძე, „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“)

 

რაღა თქმა უნდა „მაესტრო“... „მაესტროს“ თემა იყო წამყვანიც, მომყვანიც, შემყვანიც და გადამყვანიც. ვინ სად წაიყვანა, ვინ მოყვა, რა შეუყვანა და სად უნდოდა გადაყვანა – მთელი კვირა :“მაესტროს“ ამბავში ვიყავით, ბევრი ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ,მაგრამ რა მოხდა, რა ხდება და რა მოხდება, ჯერ კიდევ არ ვიცით, არ ვართ გაგებაში. ამიტომ ვიმეორებ ხშირ–ხშირად – მთავარია გაგება... საერთოდ, და მით უმეტეს – ამბავში. მთავარი ამბავი „მაესტრო“ იყო...

 

მთავარი ამბავი „მაესტრო“ იყო და, არ ვიცი, თავიდანვე მანდ დამარხეს ძაღლის თავი თუ შემდეგ დაიმარხა. უფრო, ალბათ – შემდეგ... „მაესტროზე“ გადაცემაა ასეთი – „გამოკითხვა“, რომელიც თამუნა კვარაცხელიას მიყავს. ხომ გახსოვთ – დაისმება შეკითხვა და შენ უნდა დარეკო და უპასუხო, აზრი გამოთქვა. რეკავენ და აზრებს გამოთქვამენ, ხშირად – სასაცილოს. თუმცა, არ მახსოვს, ხუთშაბათს თუ პარასკევს, როდესაც თამუნამ იკითხა – ჰა, აბა, რა აზრის ხართ ცხინვალში მიმდინარე პროცესებზეო, ერთმა ქალბატონმა დარეკა და აღშფოთება პირდაპირ გულიდან ამოთქვა: „რა დროს ცხინვალია?! ცხინვალი საკუთარ თავს თვითონ მიხედავს, ისა სჯობს, „მაესტროს“ მივხედოთ“.

 

ცხინვალი თვითონ მიხედავს საკუთარ თავს... ჰოდა, არ ვიცი, ორი კვირის წინ კვერცხიან შლოპანცებს და უსააკაშვილო ველოსიპედებს რომ გადავყევით და ყველაფერი მიგვავიწყდა, „მაესტროს“ ამბავი ამ ამბავში ხომ არ გადის?

არ გადის, მაგრამ... გადის. გავიდა. ქალბატონმა – რა დროს ცხინვალიაო.

 

რაღაცა დალპა დანიის სამეფოში... უფრო სწორად – რა არ დალპა დანიის სამეფოში? „გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია...“ – ეს ტერენტი გრანელმა თქვა და იქნებ ვინმემ მითხრას, რომელშია ანგელოზი – ეროსი კიწმარიშვილში თუ მამუკა ღლონტში? მითხარით და, ისე ავეფარები ამბრაზურას, რომ არც კი ვიკითხავ, ვის უდევს სასხლეტზე საჩვენებელი თითი.

 

მაინც, რომელშია ანგელოზი, ვარდების რევოლუციის ერთ–ერთ შემოქმედში თუ მასში, ვინც ადრე რამდენჯერმე თქვა და გასულ კვირაში კიდევ ერთხელ გაიმეორა – თუ ფულს გადამიხდიან, „მაესტროს“ ნაციონალურ მოძრაობასაც კი მივყიდი, ოღონდ სარედაქციო საქმიანობაში არ უნდა ჩაერიონო!

 

იმ ანეკდოტისა არ იყოს – ამხელა კაცი ხარ და კიდევ გჯერა ზღაპრებისო? არ მჯერა ზღაპრების და ვერც იმ ზღაპარს დავიჯერებ, რომ ამხელა კაცს ზღაპრების ჯერა. ფულის ამბავია, წილების გაგებაში. ეს წილი იმას ეკუთვნის, ეს – ამას, ის წილი იმან ამას გადასცა, ამან არ გადაუხადა, იმან ამაში გამოუქვითა... მეტი შავი ქვა პარტიას. პარტიაში იცინიან. „ეს არც პირველია და არც უკანასკნელი“ – თქვა მიხეილ მაჭავარიანმა. პირველი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც შეეხება უკანასკნელს... ნაცმაცუნა კაცმაცუნები რაღაცას კიდევ აპირებენ.

 

ფაქტი ერთია – „რუსთავებით“ და „იმედებით“ დაზარალებული საზოგადოება ამჯერად „უმაესტრობით“ დაზარალდა. „გმადლობთ, რომ კარგი ტელევიზია გააკეთე; გმადლობთ, რომ ფული მოიზიდე. ფულს გიბრუნებთ, პატივისცემას გიდასტურებთ. კარგად ბრძანდებოდეთ“ – ასე უნდა დასრულებულიყო ეს ამბავი, მაგრამ საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, არჩევნების წინ ვიჯერებთ ზღაპრებს და საკუთარ თვალებს და ყურებს აღარ ვუჯერებთ არჩევნების შემდეგ.

 

მეორე ფაქტი – იხეირა ხელისუფლებამ, მაგრამ, იმედი მაქვს, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

 

მესამე ფაქტი – იხეირეს მათ, რომლებიც ყველგან და ყოველთვის ხეირობენ. იმათ ვგულისხმობ, ფოტორეპორტიორების საქმეზე ვანო მერაბიშვილთან კუდაძუებულები რომ შევიდნენ და კუდამოძუებულები რომ გამოვიდნენ. „წავედით ფონდში, ხატიასთან“ – უთხრა მაშინ ერთმა მეორეს. გასულ კვირაში ისინი კიწმარიშვილთან შევიდნენ და როგორც შევიდნენ, ისე გამოვიდნენ. ამჯერად, ხატიაც მათთან ერთად იყო და მერე, ყველანი ერთად, ალბათ, წავიდნენ ფონდში. მეტი პრობლემა – მეტი გრანტი, მეტი გრანტი – მეტი ფული. იქით – ფულები, აქეთ – წილები. ასე იყო ფოტორეპორტიორების ამბავში და ასეა „მაესტროს“ გაგებაში. ასე მოითხოვს ფონდი.

 

„მოქალაქეებს შესაძლოა, ისტორიული გვარების აღდგენის შესაძლებლობა მიეცეთ. გვარის შეცვლის საფუძვლების გაფართოებას „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, პირს შეეძლება მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად“ – ასეთი ნიუსი გაავრცელა ძმობილმა სააგენტომ და მალე, ალბათ, საქართველო ორ გვარად გაიყოფა – ბაგრატიონებად და ბაღვაშებად... მე თუ მკითხავ, ისე უნდა იყოს,როგორც ინდიელებშია მიღებული – დიდი გველი, ფეხმალი ირემი, ქორის თვალი, ცბიერი მელა და ა.შ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ქართული დაბოლოებებით და, რა თქმა უნდა, კრეატივს თავად ხალხი იკისრებს. ახვარაძე, ნაბოზრიშვილი, უკანალია, თუქსუსაური... – პოლიტიკოსების და ექსპერტების დიდი უმრავლესობა ასეთ გვარებს დაიმსახურებს და როგორ ფიქრობთ, გაბედავს არჩევნებში მონაწილეობას ასეთი გვარის პატრონი?

 

„უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების სახელად არჩევა შეუძლებელი იქნება. სახელის შეცვლის დაუშვებლობის საფუძვლებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონპროექტი ადგენს. ახალი კანონით დადგინდება, რომ სახელის შეცვლა დაუშვებელი იქნება, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს: ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ხასიათის სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს“ – გვაცნობეს გასულ კვირაში და ალბათ მიხვდით, რომ ესოდენ საჭირბოროტო კანონპროექტის ავტორები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

 

მოკლედ, თუ გადაწყვეტთ, რომ საკუთარ შვილს სახელად ნუგზარ–ბოცო–წიკლაური დაარქვათ, გაითვალისწინეთ, რომ ეს სახელი ორგზის ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონს – მრავალწევრიანია და, თან, შეურაცხმყოფელი. მოკლედ, არ გაბედოთ.

 

ეგეთები გაუბედავთ?! ეგეთები გაუბედავს მიშას?! დაარქვა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი და წაიღეს აფხაზებმა. დაარქვა ახალგორს სამხრეთ ოსეთი და წაიღეს ოსებმა... გასულ კვირაში მიშამ ახალი ქალაქის დაარსება გადაწყვიტა. ქალაქის სახელწოდება იქნება „ლაზიკა“ და მას ალბათ თურქები წაიღებენ.

 

„გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში განაცხადა. 10 წელიწადში ამ ქალაქში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება. ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შემდეგ. ეს იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა და ხალხმა ტაში დაუკრა.

 

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში, რათა მათ ჩადონ ფული ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, იფიქროს ამაზე სერიოზულად. მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს, აფხაზეთიდან წასულ დევნილ ხალხს, დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი ქალაქი“, – დასძინა მიშამ და ხალხმა კვლავ დაუკრა ტაში.

 

ძეგლები და მონუმენტები აწი ნახეთ... ქალაქის ცენტრში საკუთარ კვადრატში მოძრავი პატრულის ქანდაკება დაიდგმება. ეს არ იქნება ციხე–ქალაქი, მაგრამ ამ ქალაქს აუცილებლად ექნება ნოდარ ლადარიას სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, სვიმონ მასხარაშვილის სახელობის ცირკი, კობა ბექაურის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი და სოფო ნიჟრაძის სახელობის ფილარმონია. ქალაქს ექნება საკუთარი ციხე. „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ“ – ამბობს ხათუნა კალმახელიძე. არა, ის კი არ უთქვამს, ეს ციხე მიშას ოცნების ქალაქში აშენდებაო, მაგრამ ლოგიკურად ეგრეა. კალმახელიძე ისე ფრთხილად ახამხამებდა წამწამებს, რომ კალმახელიძის ოცნების ციხის პირველი პატიმრები ალბათ პლასტიკური ქირურგები იქნებიან.

 

ასეა თუ ისე, შენდება და მშვენდება ჩვენი რესპუბლიკა. შესაბამისად, იქმნება პროფესიული გადამზადების ცენტრები. ფილოლოგები დაეუფლებიან ზეინკლის პროფესიას, ფილოსოფოსები შემოსხდებიან კოშკურა ამწეებზე, ექიმები მებათქაშეებად მოგვევლინებიან, პარლამენტში წევრთა რაოდენობა იზრდება და ორმოცი (პირველ ეტაპზე) უსაქმური იქ დასაქმდება.

 

გასულ კვირაში თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა და ამ ფორუმის მთავარი შედეგი ის იყო, რომ დასაქმდა რამდენიმე დამლაგებელი, რამდენიმე ოფიციანტი და ერთი ოპერატორი, რომელმაც ფორუმი ფირზე აღბეჭდა. როგორც ირკვევა, ასეთი ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ გაიმართა.

 

მეორედაც იქნება,მაგრამ გასულ კვირაში პირველად მოხდა, რომ თბილისის მერიამ რაღაცაზე გამოთქვა წუხილი. მიჩვეულები ვართ, რომ მერია არბევს, ანგრევს, ილანძღება, იწყევლება... გასულ კვრაში კი, წუხილი გამოთქვა და ზოგიერთმა უკვე გამოთქვა ვარაუდი, რომ მერიის წინ მალე გიორგი სააკაძის ძეგლის ნაცვლად დამწუხრებული გიგი უგულავას ქანდაკება დაიდგმება.

 

„თბილისის მერი პროექტ „დაგეგმე ბიუჯეტი მერიასთან ერთად“ ფარგლებში, 11 ნოემბერს სტუმრად იმყოფებოდა ხუხუების ოჯახში... ზაზა ხუხუა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მლესავად მუშაობდა და ეს ფაქტი ჩვენთვის მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისის მერი წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა ხუხუას სამსახურიდან გათავისუფლება ამ ოჯახში მის ვიზიტს მოჰყვა. გიგი უგულავა ესაუბრა დაზარალებულს, გაამხნევა, მხარდაჭერა და მორალური თანადგომა აღუთქვა მას“ – მერიის განცხადება ოდნავ შევამოკლე.

 

ანუ, დამწუხრებული უგულავას ქანდაკება იქნება არა უბრალოდ ქანდაკება, არამედ კომპოზიცია: ბიძინა ივანიშვილს საწყალი მუშა–კაცისთვის ყელში ხელი აქვს წაჭერილი. „ჰკა მაგას“ – უკიჟინებს ოპოზიცია. თვალცრემლიან უგულავას ხელები მაღლა აქვს აპყრობილი. მას გვერდით უდგანან ლაფატკიანი მაია რჩეულიშვილი და პლასკაგუბციანი რუსუდან კერვალიშვილი, რომლებიც მუშას პირდებიან დასაქმებას.

 

წესით, კარგი რამე უნდა გამოვიდეს.

 

კარგი რამე გამოვიდაო – გიული ალასანიამ უნდა თქვას. „ასეთი ადგილი არის ყველა მოგზაურის ოცნება. დაჯდები, როგორც შვეციაში, ამერიკის საუკეთესო ადგილებში, თუმცა, ამერიკაში ასეთი რამ არ არის... დაჯდები შენი ლეპტოპით, მიიღებ ინფორმაციას, იმუშავებ, დაისვენებ და გააგრძელებ გზას“ – სააკაშვილმა ტრასაზე რაღაც კომპლექსები გახსნა და ცოტათი კიდევ მოიხსნა არასრულფასოვნების კომპლექსი.

 

მართლაც, დაჯდები (ნახევარი საქართველო ზის), შეისვენებ (ამ ოცი წელიწადში არაქათი გამოგველია), ჩართავ ლეპტოპს (თუ გაქვს) და მიიღებ ინფორმაციას.

 

დაახლოებით ისეთს, გასულ კვირაში რომ იყო:

 

ჯონდი ბაღათურიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო საჯარო განხილვის კომისია დატოვა;

მეთევზეობის დარგის განვითარების თემაზე სემინარი გაიმართა;

„სახალხო კრებამ“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა;

„ლეიბორისტები“ ხელისუფლებას ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ბიზნესის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ;

ეკა ზღულაძე - კორუფციის ინდექსის მიხედვით საქართველოს დაწინაურება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დამსახურებაა;

ალექსანდრე ხეთაგური საავეჯო წარმოების განვითარების რეალურ პერსპექტივას 2013 წლის შემდეგ ხედავს;

და ა.შ.

 

„ეროსი კიწმარიშვილმა და მამუკა ღლონტმა შეთნხმებას მიაღწიეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი სახლის მეორე სართულიდან აცნობეს, „მაესტროს“ აქციათა სრული პაკეტი საკუთრებაში გადაეცემათ თეა სიჭინავას და ვასიკო ოდიშვილს“ – ასეთი ინფორმაციის მიღება მინდა,მაგრამ ვაი რომ ასეთს ვიღებ:

 

„ლეიბორისტების“განცხადებით, პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ამერიკაში და ევროპაში ვიზიტის პერიოდში უთვალთვალებდნენ, დაბრუნებისას კი გაჩხრიკეს და დააკავეს... განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის განმავლობაში შალვა ნათელაშვილის ნებისმიერ გადაადგილებას თბილისიდან მივლენილი ოპერატიულ მუშაკთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები აკონტროლებდნენ, რომლებიც ფოტო და ვიდეო გადაღებებსაც აწარმოებდნენ“.

 

ასეთი ინფორმაციაც იყო: “მიხეილ სააკაშვილი: საქართველო-სომხეთის საზღვარი იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარია“.

ახლა, პრეზიდენტს როგორ ვაკადრებ, ხელი მოისვი–მეთქი, მაგრამ... ისე, ხელს არა, მაგრამ, ცუდი არ იქნება, თავხელიძეს თუ მოისვამს და შედეგებს დაელოდება.

 

ი.პ. (ისეთ პონტში) დაქოქილი – გაქნილი, გაიძვერა. სინონიმი „შებერტყილი“ (იხ.) სალიტერატურო ქართულში იგივეა, რაც „მომართული“ (საათი, ავტომანქანა...), სამომედოდ გამზადებული. დაქოქილი ადამიანი, როგორც ჩანს გულისხმობს საეჭვო სამქმიანობისთვის, სხვათა გასაცურებლად მუდმივად შემართულ, მზადმყოფ ადამიანს. „დიდი დაქოქილი ვინმე გახლდათ“ (ზურაბ სამადაშვილი).

(ლევან ბრეგაძე, „ქართული ჟარგონის ლექსიკონი“)