წინა კვირა ქართული საზოგადოებისათვის კვლავ დაძაბული აღმოჩნდა. სხვადასხვა პოლიტიკურ ვნებათა-ღელვას თავი კვლავ ვერ დავაღწიეთ. სიმართლე გითხრათ და სააკაშვილის მორიგი “ტელესპექტაკლების”, აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე გაუთავებელი კონფლიქტებისა და ურთიერთდაპირისპირებების შემხედვარეს ნამდვილად მსურს, რომ თუნდაც რამდენიმე დღე პოლიტიკისა და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გავატარო.
დღეს კვირაა და მორიგ “აპოლიტიკურ” წერილს შემოგთავაზებთ. სტატიაში ერთ ცნობილ ქართველ მსახიობს გავიხსენებ. ამ პიროვნებას გაგანია კომუნიზმის დროს უხდებოდა მოღვაწეობა. გადაგდება, ღალატი, ფულის მოტეხვა, სულელი და ამბიციური ქვეყნის ლიდერები საქართველოს მაშინაც არ აკლდა, მაგრამ ხალხი თავისი საქმის კეთებას მაინც ახერხებდა.
დღევანდელი მოგონებების სტუმარი ბატონი სერგო ზაქარიაძე გახლავთ.
სერგო ზაქარიაძეს ნიჭი საშუალებას აძლევდა რომ ეთამაშა როგორც შექსპირი, ასევე თანამედროვე როლები. თუმცა თანამემამულეებისთვის და სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლისთვის ის მაინც “ჯარისკაცის მამად” დარჩა. ამ როლით მსახიობმა ქართველი ადამიანის ბუნება და ხასიათი სრულად წარმოაჩინა.
“ჯარისკაცის მამაზე” მუშაობისას, ექსპედიციაში იმყოფებოდნენ. დღის სიმოკლის გამო, ადგომა ადრე უხდებოდათ. ყველა ჩქარობდა ავტობუსისაკენ, მაგრამ სერგო ზაქარიაძეს ვერავინ დაასწრებდა: მზად მყოფი, სხვებს ელოდა ხოლმე. გადაღებებს შორის, შესვენებაზე კი ბატონი სერგო საინტერესო ამბებს ჰყვებოდა. რეზო ჩხეიძე ხშირად იხსენებდა:
“ჰყვებოდა გატაცებით, თითოეული ამბავი ცალკე ნოველას ჰგავდა, მთელი ჯგუფი პირდაღებული უსმენდა მის მონათხრობს”.
“ჯარისკაცის მამა” მსოფლიო კინოს ისტორიაში მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო. როცა ფრანგებმა ამ სურათის გახმოვანება გადაწყვიტეს, სერგო ზაქარიაძეს სთხოვეს, თვითონვე ჩაეწერა გიორგის ტექსტი. “დამტვრეული” ფრანგულით, “გაქართულებული” ფრანგულით ილაპარაკოს, ოღონდ მეტყველების კოლორიტი არ დაიკარგოსო.
საინტერესოა რომ სამსახიობო გზის დასაწყისში ბატონ სერგოს ერთი კურიოზი შეემთხვა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ იხსენებდა.
სერგო ზაქარიაძე თეატრალურ სტუდიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, როდესაც თბილისში საგასტროლოდ მოსკოვის მცირე თეატრი ჩამოვიდა. რუსული თუმცა არ იცოდა, თავდადებულად ესწრებოდა ყველა სპექტაკლს.
ერთხელაც, სანამ მორიგი გაკვეთილი დაიწყებოდა, სტუდიელები გარს შემოეხვივნენ მასწავლებელს და მოსკოვის თეატრის ჩამოტანილი სპექტაკლების – “ოტელოსა” და “ჭიქა წყლის” შესახებ შეკითხვებს უსვამდნენ. როცა სერგო ზაქარიაძე მათ მიუახლოვდა, პედაგოგმა მისთვის “საბედისწერო” სიტყვები წარმოთქვა: “ჭიქა წყალზე” უფრო დიდი სიამოვნება რა უნდა იყოსო? ეს რომ ზრდილობიანმა ყმაწვილმა გაიგონა, იფიქრა, წყალი სწყურიაო. გაიქცა და უმალ მოურბენინა მასწავლებელს წყლით სავსე ტოლჩა.
მასწავლებელი გაცხარებულ კამათში იყო, წყლის მოწოდება პირად შეურაცხყოფად ჩათვალა, ბიჭს “მეტიჩარა” უწოდა და ადმინისტრაციას სტუდიიდან გაარიცხვინა. თვითონ ბატონი სერგო ამბობდა: შემდგომშიც არაერთხელ გავურიცხივარ სასწავლებლიდან, მაგრამ ყველაზე მწარე და დამამცირებელი მაინც ის შემთხვევა იყოო. რეჟისორი ქორელი კი, ვინც მის გარიცხვას ხელი მოაწერა, იმით “დასაჯა” რომ მისი ქალიშვილი შეირთო ცოლად.
ერთი პერიოდი მშობლიურ ზესტაფონში მოუწია დაბრუნება, სკოლის დასამთავრებლად. თბილისში დაბრუნებული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თან სანუკვარ თეატრში დადიოდა, სხვადასხვა მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. ერთხელ შინ დაბრუნებულს ბინის კარი გამოკეტილი დახვდა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ღამეს სარეჟისორო ოთახში ათევდა, მაგრამ ერთხელ შუაღამისას მეხანძრეებმა მიაგნეს და გარეთ გამოაბრძანეს. ბოლოს სანდრო ახმეტელმა უშველა. განკარგულება გასცა, მისთვის საცხოვრებლად თეატრში მოეწყოთ ერთი ოთახი.
მოხუცი ფოსტალიონის – გიორგის როლს რომ ამზადებდა ფილმისათვის “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” სერგო ზაქარიაძეს 16 კილოგრამით დაუკლია წონაში. თურმე ამბობდა, ფოსტალიონი შეუძლებელია მსუქანი იყოს: იმდენს დადის ფეხით, აუცილებლად გამხდარი იქნებაო.
სიკო დოლიძე იხსენებდა:
“ერთხელ მე და სერგო, რომელსაც ფოსტის მსახურის ტანსაცმელი ეცვა და მხარზე გაზეთებით სავსე ჩანთა ეკიდა, კავშირგაბმულობის მინისტრთან შევედით. სერგო მორცხვად გაჩერდა კარის ზღურბლთან. მინისტრი მე მელაპარაკებოდა და თან სერგოს გადახედავდა ხოლმე. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ჰკითხა – თქვენ ვინ ბრძანდებით, რომელი საფოსტო განყოფილებიდან ხართ?”
სიკო დოლიძის კიდევ ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ. რეჟისორი მაშინ სურათს “პალიასტომი” იღებდა.
“ზღვასთან, მდინარე კაპარჭინის შესართავთან, წყაროზე ორ მაღალ ფოლადის ბოძზე ფიცარნაგი ავაგეთ. მასზე ავიტანეთ ოთხი დიდი ქვაბი. თითოეული ტონა წყალს იტევდა. ტივის წინ დავაყენეთ თვითმფრინავი, რომელსაც პროპელერით ძლიერი ქარის შთაბეჭდილება უნდა შეექმნა. თივის ბოლოსთან მივაცურეთ ბარჟა, მასზე მდგომი ამწეთი, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო ათასლიტრიანი წყლით სავსე კასრი. იგი საჭირო მომენტში, ტივის ბოლოს, წყალზე დაეცემოდა და დიდი სიძლიერის ტალღას გამოიწვევდა. რამდენიმე დუბლი გადავიღეთ.
სერგომ, რომელმაც ნიუანსთა გაუთავებელი ძიება იცოდა, რატომღაც არ მოიწონა გადაღებული მასალა და მოითხოვა კიდევ ერთხელ გადაღება.
და აი, ივანე ეძახის შვილს: “ნიკოია, ბაბა, ნიკოია”. ოთხივე ქვაბიდან წყალი ზათქით გადმოდიოდა. ტივზე სერგომ თავი ვერ შეიმაგრა, ქარმა სძლია და ნაცვლად იმისა, რომ ტივის თავიდან ზღვაში გადამხტარიყო, ფეხი დაუცურდა და ტივის ბოლოს გადავარდა. იმავე მომენტში, იმავე ადგილას, სადაც სერგო გაუჩინარდა, ათასლიტრიანი სავსე კასრი მთელი ძალით დაეხეთქა. ყველანი, ვინც გადაღებაზე ვიყავით, ადგილზე გაქვავებულნი, შეშინებულები დავცქეროდით წყლის ზედაპირს, საიდანაც მალე სერგოც გამოჩნდა. გაჭირვებით ამოძვრა ტივზე და დამნაშავის სახით თქვა: “მგონია, დუბლი გავაფუჭე.”
იყო პერიოდი, როდესაც სერგო ზაქარიაძე მარჯანიშვილის თეატრში აღარ მუშაობდა. იგი მხოლოდ მხატვრული ფილმების სტუდიაში იყო დაკავებული დუბლიაჟზე. ხშირად ეპიზოდს ელოდებოდა, თავისუფალ დროს კოლეგებს უკითხავდა ვაჟა ფშაველას, ანა კალანდაძის ლექსებს, ნაწყვეტებს ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებიდან. თანაც ითხოვდა პირუთვნელ შეფასებას, რჩევას. თავიანთ შეხედულებებს უზიარებდნენ თამარ ციციშვილი, დუდუხანა წეროძე, კოტე დაუშვილი და სხვები.
ასე, მეტად “მაღალკვალიფიციური” მსმენელების დახმარებით, შექმნა თავისი ბრწყინვალე საკონცერტო პროგრამა ერთი საღამოსთვის, რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
ბატონი რეზო ჩხეიძე წერდა: “ბევრჯერ გამკვირვებია: საიდან მოდის-მეთქი ამდენი ენერგია, ამდენი სიცოცხლის ძალა. ვაითუ, ვეღარ გაუძლოს გულმა, ნერვებმა. აკი ასეც მოხდა.” სერგო ზაქარიაძის სიცოცხლე სცენასა და ეკრანზე დაიფერფლა.
დღევანდელ წერილს ბატონი ეროსი მანჯგალაძის სიტყვებით დავასრულებ – მახარაშვილის სახის შექმნაში სერგო ზაქარიაძემ არა მარტო თავისი ოსტატობა, არამედ მთელი გული ჩააქსოვაო.