საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "პარლამენტი 7 სექტემბრამდე ვერ მოახერხებს იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს".
ამის შესახებ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.
"პარლამენტი სამწუხაროდ, 7 სექტემბრამდე ვერ მოახერხებს იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას, რომლითაც ჩვენ ყოველგვარი ამ კონტექსტის გარეშე, იმ სამი თანამდებობის პირზე ორმაგი მოქალაქეობის შეზღუდვის ამოღებას ვითხოვდით. ქალბატონი სალომეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ეს კონსტიტუციური აკრძალვა არასწორია და ჩვენ ამაზე მივედით დამოუკიდებლად და იმ დროისთვის ქალბატონი სალომეს თემა საერთოდ არ იდგა, მაგრამ დღეს ასეთ სამართლებრივ გარემოში ვცხოვრობთ. ჩემი წინადადება ქალბატონი სალომეს წარმომადგენლებთან იყო შემდეგი, ეთქვათ ჩემთვის, თუ რა გამოსავალს ხედავდნენ და მე მზად ვარ, თუკი სამართლებრივი გზა არსებობს, თუნდაც ეს ვიწრო ბილიკი იყოს, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, მაგრამ თუ ასეთ გზას ვერ ვიპოვით, მაშინ ყველანი ვალდებულები ვართ კონსტიტუტუციას და კანონს დავემორჩილოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასარეგისტრირებლად ვადა 7 სექტემბერს ეწურებათ.