დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს

დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავრობისა და მინისტრებისგან "სირაქლემას პოზაში" დგომა თითქოს ეკონომიკაში არაფერი არ ხდება, ვფიქრობ, ძალიან არასერიოზულია. ეკონომიკური ვარდნა შეიძლება ვერ იგრძნონ მინისტრებმა და მათი ოჯახის წევრებმა, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება ასეულობით ათასი ქართული ოჯახის ცხოვრებაზე, ამიტომ მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და "სირაქლემას პოზიციიდან" გადავიდეს ამ საკითხის გულახდილი და ღია განხილვის რეჟიმში. მე ვთავაზობ პრემიერ-მინისტრს შეხვედრას ეკონომიკურ საკითხზე. შეხვედრის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ერთად ვიმსჯელოთ თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანის ეკონომიკა იმ კრიზისადან, რომელშიც ის უკვე შევიდა. შემიძლია საჯარაოდ დავაფიქსირო რამდენიმე შეთავაზება, რომელზეც მზად ვარ ვიმსჯელო პრემიერთან. პირველი - ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული დაცულობის განცდა, ამ თვალსაზრისით აუცილებელია მოხდეს ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია, ანუ ბიზნესთან დაკავშირებულ ვერც ერთ აქტივობაზე ბიზნესმენს პასუხს ვერ უნდა სთხოვდეს ვერც პოლიცია, ვერც პროკურატურა. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა წინა წლებში, დღევანდელი მთავრობა "ძალიან წარმატებულად" აგრძელებს წინა წლების პრობლემას.

მეორე ეს არის ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდის შექმნა და მორატორიუმის გამოცხადება, რომ უახლოეს 5 წელიწადში მთავრობა არ შეცვლის და არ შემოიღებს დამატებით რეგულაციებს და ტვირთს ბიზნესისთვის.

მესამე, რასაც შევთავაზებთ მთავრობას, არის ის რომ ბიზნესს ჰქონდეს ხელსაყრელი გარემო და გაგრძელდეს გადასახადების შემცირება, რომელიც წინა წლებში იყო. 2013 წლიდან ვგეგმავდით საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რაზეც მთვარობამ უარი თქვა და ჩვენი შეთავაზება იქნება რომ გავაგრძელოთ ეს მიმართულება", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ის მზად არის პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს შეხვდეს. ამასთან დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ მის შეთავაზებას პრემიერის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.