თბილისი – თბილისში, ტელეკომპანია ”მაესტროს“ რეგულარული პროგრამირება 1 დეკემბერს მის მფლობელებსა და მმართველებს შორის კონფლიქტის გამო დაირღვა, იტყობინება „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური.
უთანხმოება, რომელიც 30 დეკემბერს დაიწყო, ძირითადად ”მაესტროს” მფლობელებსა და ეროსი კიწმარიშვილს, ტელევიზიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის მიმდინარეობს.
ტელეკომპანიის თანამფლობელმა და პროდიუსერმა, მამუკა ღლონტმა, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ტელევიზიის საეთერო სტუდია დაიკავა. კიწმარიშვილმა და დაცვის წევრების ჯგუფმა კი – შენობის დანარჩენი ნაწილი.
კიწმარიშვილი ამბობს, რომ ღლონტი პროდიუსერის თანამდებობიდან გაათავისუფლა და დაითხოვა ასევე ”მაესტროს” გენერალური დირექტორი.
მაგრამ ღლონტის თქმით, კიწმარიშვილს არა აქვს არხის მფლობელებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ტოპ-მენეჯერების გათავისუფლების უფლება.
ტელეარხის თანამშრომლებმა არაერთხელ გამოთქვეს მტკიცე უკმაყოფილება კიწმარიშვილის ქმედებების გამო და მას შენობის დატოვება სთხოვეს.
პირველი ნიშნები იმისა, რომ დავა შეიძლება გადაწყდეს 1 დეკემბერს გამოჩნდა, როდესაც კონფლიქტურმა მხარეებმა მოლაპარაკებები ჩაატარეს და, როგორც იტყობინებიან, შეთანხმდნენ, რომ უთანხმოებას ტელევიზიის ტერიტორიის გარეთ გაიტანდნენ. მაგრამ დავა არ ჩაცხრა.
ამბობდნენ იმასაც, რომ ორივე მხარე, კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად, გარეშე მედიატორების, მაგალითად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოწვევას განიხილავდა.
მთავრობის ჩუმი მხარდაჭერა
”მაესტრო”, რომლის მაუწყებლობა თბილისით შემოიფარგლება და საკაბელო ქსელის მეშვეობით რამდენიმე სხვა ქალაქში ვრცელდება, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მაუწყებელთა შორის, რომელიც მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილად მიიჩნევა, ამიტომ მისი რეგულარული მაუწყებლობის დარღვევა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი აუდიტორიისთვის შეშფოთების მიზეზი გახდა.
კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ”მაესტროს” მფლობელებს არხის მართვისგან მისი ჩამოცილება სურთ. მან მიანიშნა, რომ ”მაესტროს” მფლობელები განიხილავენ საქართველოს ყველაზე მდიდარ კაცთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების შესაძლებლობას. ბიძინა ივანიშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ განზრახული აქვს პოლიტიკაში მოსვლა და საჯაროდ გამოხატა ტელევიზიის ყიდვის მზადყოფნა.
მას შემდეგ, რაც დაპირისპირება დაიწყო, ივანიშვილმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ”მაესტროს” ჟურნალისტებს და გაახმოვანა ის თეორია, რომელსაც ბევრი სხვაც იზიარებს – კიწმარიშვილს მის ქმედებებში მთავრობა ჩუმად უჭერს მხარს.
ამ თეორიის თანახმად, მთავრობა ცდილობს ჩააჩუმოს ერთ-ერთი არხი იმ ორი ოპოზიციური თბილისური არხიდან, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ მის ქმედებებს.
კიწმარიშვილი, რომელიც ამ ბოლო წლებში ოპოზიციაში იყო, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ახლო მეგობარია. ის იყო კერძო ტელეკომპანიის „რუსთავი-2“-ის მფლობელი. ამ არხის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი შეასრულა 2003 წლის ”ვარდების რევოლუციით” სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში.
მას შემდეგ მან რამდენიმე წელი უცხოეთში გაატარა, როგორც ბიზნესმენმა და მოკლე ხნით იმსახურა საქართველოს ელჩად რუსეთში. 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის შემდეგ ის ოპოზიციაში გადავიდა.
foreignpress.ge
842
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85