რამდენიმე დღის წინ ცნობილ ამერიკელ მომღერალს, კომპოზიტორსა და პროდიუსერს ლენი კრავიტცს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა.
მუსიკოსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 30 ნოემბერს პარიზში გაიმართა. ამ საპატიო წოდებაზე მომღერალი საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრედერიკ მიტერანმა წარადგინა.
საპასუხო სიტყვით გამოსვლისას კრავიტცმა ის ფაქტი აღნიშნა, რომ მისი კარიერული წინსვლის საქმეში საფრანგეთს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია.
1989 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო კანში ჩატარებულ მუსიკალურ ფესტივალში. იმ დღიდან მისმა კარიერამ აღმავლობა დაიწყო.
ლენი კრავიტცს ცხრა ალბომი აქვს ჩაწერილი. ამათგან, სადებიუტო ნაშრომი “Let Love Rule” საფრანგეთში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
ლენი კრავიტცის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Black and White America” რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოვიდა, საფრანგეთში უფრო მეტი გაიყიდა ვიდრე მუსიკოსის ისტორიულ სამშობლოში. ამ ალბომმა ფრანგულ ჩართებში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ დროს დიდ ბრიტანეთში 75-ე პოზიციას ვერ ასცდა, აშშ-ში კი მხოლოდ 17-ე იყო.