გიგა ბოკერია:  მოვუწოდებ ივანიშვილს, არ დააბრუნოს გორში ჯალათის ძეგლი

გიგა ბოკერია: მოვუწოდებ ივანიშვილს, არ დააბრუნოს გორში ჯალათის ძეგლი

უშიშროების საბჭოს მდვივანი, გიგა ბოკერია ხელისუფლებას გორში სტალინის ძეგლის დაბრუნების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ჯალათის "ხსოვნის განდიდება" საქართველოს წარსულის შეურაცხყოფა იქნება.

"მიმაჩნია, რომ მილიონობით ადამიანის ჯალათის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ჯალათის, ბოროტების იმპერიის შემოქმედის, ფაშიზმთან ერთად მე-20 საუკუნის მთავარი ბოროტებისა და უბედურების შემოქმედის ძეგლის დაბრუნება და მისი "ხსოვნის განდიდება" იქნება ჩვენი წარსულის შეურაცხყოფა, რეპრესირებულთა შეურაცხყოფა, ასევე დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს ჯალათის ძეგლი ჩვენს ქალაქში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ "სწორი შინაარსი და შეფასება უნდა მისცეს" სტალინის მუზეუმსაც.

"წინა ხელისუფლების დროს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მუზეუმს სახელი და შინაარსი შეეცვლებოდა და ის მიეძღვნებოდა რეპრესირებულთა ხსოვნას და იმის ჩვენებას, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საქმე არ არის გაგრძელებული. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ამ მუზეუმსაც სწორი შინაარსი მისცეს და განახორციელოს ის გადაწყვეტილება, რაც წინა ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კულტურის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სტალინის ძეგლი გორის ცენტრში დაბრუნდეს.